გურიის მოამბე

„სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან მარტო“ – მზია ამაღლობელის წერილი ჰაველის პრემიის დაჯილდოებაზე

დღეს, 29 სექტემბერს, სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის გახსნაზე დაასახელეს ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი.

ჰაველის პრემია 2025 წელს გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელს, პაციფისტს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ.

მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ფინალისტთა სიაში იყვნენ მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.

მზია ამაღლობელს სტრასბურგში მისი ადვოკატი და უფლებადამცველი, მაია მწარიაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც ასამბლეაზე გამართულ ცერემონიაზე მზია ამაღლობელის გზავნილი წაიკითხა.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ მზია ამაღლობელის წერილს.

მზია ამაღლობელის წერილი: 

„თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე მიმავალს, იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი…

თუმცა წარმოუდგენლად ემოციურია და დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემი სახელი და გვარიც არის „ჰაველის“ ჯილდოს ნომინანტებში.

ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც დევნის მიუხედავად რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ჩემი პატივისცემა ულვი ჰასანლის შეუვალობას.

სოციალურ მედია X-ზე, ჩემს ქავერზე დღემდე უნდა იყოს ფოტო, წარწერით – „იყავი ისეთი მამაცი, როგორიც უკრაინაა“. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების.

ეს ნომინაცია არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაში მუშაობენ.

საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.

ჩემს კოლეგებს მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ ყოველდღიურად მუშაობა. მათ დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ, მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ფიზიკურად უსწორდებიან.

ერთპარტიულმა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაგვიმტკიცა „რუსული კანონები“, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგენტობას და ღალატს გაუთანაბრა – ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

დღეს ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. დღეს ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი.

თუმცა ქართველები ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.

300 დღეზე მეტია ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია.

ჩვენ თქვენს გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ მინდა გთხოვოთ – მანამ, სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო!

იდექით ჩვენს გვერდით, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights