აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში, სამხედრო ბაზაზე, ამერიკელი გენერლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია.
“ძალზე იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით. მეგონა, ამას [ომს] დაასრულებდა. ეს ომი ერთ კვირაში უნდა მოემთავრებინა და მე მას ვუთხარი, ‘შენ კარგად არ ჩანხარ. ოთხი წელია იბრძვი ომში, რომლისთვისაც ერთი კვირა უნდა ყოფილიყო საკმარისი. ქაღალდის ვეფხვი ხარ-მეთქი?'”- აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე გაიხსენა აგვისტოს დასაწყისში მომხდარი შემთხვევა, როცა მან რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მხრიდან გაკეთებული განცხადების პასუხად ორი წყალქვეშა ნავი რუსეთთან უფრო ახლოს განალაგა:
“ბოლო პერიოდში რუსეთი ოდნავ დაგვემუქრა და მე გავგზავნე ბირთვული წყალქვეშა ნავი, ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი, რაც კი ოდესმე შექმნილა.
[…] მე ეს განცხადება მისი [მედვედევის] მხრიდან სიტყვა “ბირთვულის” ხსენების საფუძველზე გავაკეთე. სიტყვა “ბირთვული” ნამდვილად სულელმა ადამიანმა ახსენა, რომელიც მისთვის [პუტინისთვის] მუშაობს, რის გამოც მე ერთი ან ორი – ორის შესახებ არ ვილაპარაკებ – წყალქვეშა ნავი რუსეთის სანაპიროსთან გავგზავნე, მხოლოდ სიფრთხილისთვის, რადგან ადამიანებს ამ სიტყვის უბრალოდ წამოსროლის უფლებას ვერ მივცემთ.” – თქვა ტრამპმა.