„ივანიშვილი თავისი რეჟიმის კონსოლიდირებას ახდენს და აქეთკენ ამზადებს მოსახლეობას,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი. მას ბიძინა ივანიშვილის ახალ წერილზე ”ბათუმელები” ესაუბრა.
დღეს, პირველ ოქტომბერს, „ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების 13 წლისთავს ეხმიანება. დაპირებების შესრულების ნაცვლად ივანიშვილი წერილში „ქართული ოცნების“ შიგნით „მუხანათურ ღალატზე“, „აგენტებსა“ და „გარე მტრებზე“ საუბრობს.
„ის აწვდის ამ მესიჯებს მოსახლეობას. ავუხსენი და დამიჯერა კი არა – აქ არის მთავარი აი, ეს კონსტრუქცია, რომელსაც ის აწვდის ხალხს: ეს ასეა და მორჩა. დაახლოებით ეს არის ფიურერიზმი, ბელადიზმი… ბელადი ამბობს, რომ ეს ასეა და მორჩა.
ივანიშვილს სჯერა იმის, რომ მოსახლეობა ამ მესიჯებს გაითავისებს. ვინც არ გაითავისებს, ის ცხადდება ხალხის მტრად.
ეს ძალადობაა, თავსმოხვევა, ეს არის ძალის პოზიციებიდან მენტალური დავალების მიცემა, რომ აი, ასე უნდა იფიქროთ, არ უნდა მოუსმინოთ სხვებს! ყველა, ვინც სხვანაირად ლაპარაკობს – ყველა არის მოგზავნილი,“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
„ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო კახა, თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის ბოლო წერილში?
ივანიშვილი ისევ იყენებს ჩვეულ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ის საერთოდ არ არჩევს გარე აქტორებს – გარე აქტორებში ხედავს მხოლოდ მტერს და არა მხოლოდ ხედავს, ამას ქადაგებს პრაქტიკულად – რომ ნებისმიერი გარე აქტორის მონაწილეობა საქართველოში არის უბრალოდ დამაზიანებელი.
- ამ დროს ივანიშვილი წერილში რუსეთს საერთოდ არ ახსენებს…
არა, რა თქმა უნდა, არ ახსენებს რუსეთს. ის დასავლეთსაც არ ახსენებს, მაგრამ გასაგებია, რომ დასავლეთს გულისხმობს. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ივანიშვილი, თითქოს რუსეთი არაფერ შუაში არ არის ჩვენთან.
ივანიშვილის ლოგიკით, 13 წლის წინ არსებობდა რაღაც კოლონიური საქართველო, რომელიც იყო პრაქტიკულად დასავლეთის კოლონია და ამ კოლონიისგან განვთავისუფლდით 2012 წელს. თითქოს რაღაც გარე ძალებიდან მართული რეჟიმისგან განთავისუფლება იყო ეს.
- ივანიშვილს სჯერა, რომ ეს ვერსია დამაჯერებელი გახდება ვინმესთვის საქართველოში?
მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თვითონ სჯერა თუ არა. ამის, რა თქმა უნდა, არ სჯერა, მაგრამ სჯერა იმის, რომ მოსახლეობა ამ მესიჯებს გაითავისებს.
ვინც არ გაითავისებს, ის ცხადდება ხალხის მტრად.
ის აწვდის ამ მესიჯებს მოსახლეობას. ავუხსენი და დამიჯერა კი არა – აქ არის მთავარი აი, ის კონსტრუქცია, რომელსაც ის აწვდის ხალხს: ეს ასეა და მორჩა. დაახლოებით ეს არის ფიურერიზმი, ბელადიზმი. ანუ ბელადი ამბობს, რომ ეს ასეა და მორჩა.
- ძალაუფლების მიტაცების შემდეგ ესეც ივანიშვილის დაჯგუფების მხრიდან ძალადობის გაგრძელებაა?
დიახ, ეს ძალადობაა, თავსმოხვევა, ეს არის ძალის პოზიციებიდან მენტალური დავალების მიცემა, რომ აი, ასე უნდა იფიქროთ, არ უნდა მოუსმინოთ სხვებს! ყველა, ვინც სხვანაირად ლაპარაკობს – ყველა არის მოგზავნილი, ყველა მუშაობს უცხო ქვეყნის სამსახურებზე, არავის არ უნდა დაუჯეროთ! – ესაა ივანიშვილის გზავნილი.
- ივანიშვილი არ ხედავს საფრთხეს წინააღმდეგობაში, იგივე 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში?
ივანიშვილი მთლიანობაში გარკვეულ საფრთხეს ხედავს.
აქ ორი მთავარი საკითხია: ერთია არჩევნებში მხარდაჭერა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ხალხი მივიდეს და მისცეს ხმა „ოცნების“ კანდიდატებს და არავითარ შემთხვევაში ოპოზიციურ კანდიდატებს და მეორე: შეიძლება ეს იყოს შემზადება რაღაც დარტყმისთვის, რომელსაც ის ამზადებს იმ ხალხის მიმართ, რომლებიც გამოვლენ მიტინგზე, ხომ?! ეს წერილი თავისთავად არის რაღაცნაირად იდეოლოგიური შემზადება შესაძლო გართულებების აი, ამ 4 ოქტომბრის მიტინგის შემდგომი გართულებებისგან.
თუ იქნება გამოყენებული არაპროპორციული ძალა მიტინგის დასაშლელად, ამის პრევენციაც არის ამ წერილში პრაქტიკულად – ხალხის განწყობის შექმნა, რომ აი, ჩვენ დავიხსენით ქვეყანა უცხო ქვეყნის მმართველობისგან, ავტორიტარიზმისგან და ჩვენ ვდგავართ სწორ პოზიციაზე, უცხო ძალებისგან გიცავთ.
- რადგან ივანიშვილი „აგენტებს“ და „გარე მტრებს“ პირდაპირ უწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო სექტორს, უნდა ველოდოთ რეპრესიების ახალ ეტაპს საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ?
ფაქტია, რომ, პირველ რიგში, ივანიშვილი ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რუბიკონს – არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს რეჟიმის სრული, ასე ვთქვათ, კონსოლიდაცია.
ივანიშვილი და მისი პარტია გეგმავენ სრულად ადგილობრივ დონეზე ყველა მმართველობის რგოლის ხელში ჩაგდებას და სრულ გაკონტროლებას. ეს რაღაც საძირკველს გაუმაგრებს იმ მერყევ და მყიფე მდგომარეობას, რომელშიც არის ცენტრალური ხელისუფლება, თავისი არალეგიტიმურობის გამო.
იმის შანსი არ არის, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადონ ეს არჩევნები, თუ რაღაც მასობრივი ძალიან გაყალბებები არ მოხდა, მაგრამ ამის საჭიროებაც არ ექნება. მოგეხსენებათ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ოპოზიციურია, უბრალოდ არ წავა არჩევნებზე.
ამიტომაც, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ვერავინ ვერ მოსდებს შარს, რომ ეს არ იყო, ვთქვათ, დემოკრატიული არჩევნები.
- მაგრამ ამით რა იცვლება არსებითად? ივანიშვილის რეჟიმი ლეგიტიმაციას მაინც ვერ მიაღწევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს რეჟიმი, მაგრამ ადგილობრივ მმართველობებში ექნებათ ადგილობრივი ლეგიტიმაცია. საუბარი „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციაზე არ არის.
ივანიშვილი აპირებს, რა თქმა უნდა, რეჟიმის კონსოლიდაციას. ერთია, რომ „ოცნებას“ არ ექნება ისევ საერთაშორისო ლეგიტიმაცია განსაკუთრებით, მაგრამ მეორეს მხრივ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შეიძლება შენელდეს მწვავე რეაქცია იმაზე, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. ეს ყველაფერი არის განწყობების შექმნის მცდელობა. ლეგიტიმურობაც უფრო განწყობების საკითხია, ანუ როგორ თვლის ხალხი.
- ივანიშვილი 13 წლის განმავლობაში შესრულებულ დაპირებებსა და მიღწევებზე საუბრის ნაცვლად, საუბრობს „მტრებზე“. ეს რის მაჩვენებელია?
მიღწევები და წარმატებები ძალიან ისეთი ველია – ცოტა მოლიპული, სადაც შეიძლება ადვილად დაუცდეს ფეხი.
ამიტომაც, იმისთვის, რომ ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაცია მოახდინო, მიღწევებზე შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ ნაკლებად, უფრო მეტი უნდა ილაპარაკო მტრებზე, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას, წარმატებები გქონდეს. შენ უნდა დააბრალო შენს მტრებს, რომ შენი დაპირებები ვერ შესრულდა.
ეს ასე ხდებოდა კუბაში, ან ვენესუელაში – ყველგან, სადაც ხალხი ნახევრად მშიერია, ღატაკია, მაგალითად, ნიკარაგუაში. ამ დროს ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ვიღაც გარედან ურევს, აი, ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან… ასეთი რეჟიმები უფრო მეტს ლაპარაკობენ მტრებზე, ვიდრე მიღწევებზე. მიღწევებზე საუბარი წამგებიანია: ვიღაცამ მაინც შეიძლება კითხვები დასვას.
ბიძინა ივანიშვილი არწმუნებს ხალხს, ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი მოყვარეო, ისიც კარგად გავაანალიზეთ, რომ არცერთი უცხო ძალა ჩვენ დასახმარებლად არ იღვწის, მათ საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებთო.
ეს არის აბსოლუტური ანტიდასავლური და ანტიევროპული განაცხადი. ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო სულისკვეთება, ვიდრე ის, რაც ასოცირების შეთანხმებაში წერია. ივანიშვილი არწმუნებს ხალხს, რომ არც ევროკავშირი, არც შეერთებული შტატები, არც იაპონია, არც სხვა ქვეყნები, რომლებიც ჩვენ დახმარებას გვიწევენ უკვე ამდენი წელია და გავხდით დამოუკიდებლები მათი დახმარებით პრაქტიკულად, მათ ჩვენ თითქოს არ ვაინტერესებთ და არანაირად ჩვენს დახმარებაზე არ ფიქრობენ. ივანიშვილის ამოცანაა, ხალხს უთხრა, რომ დასავლეთს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.
ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის სულისკვეთებას, რომელიც აწყობილია ურთიერთ ინტერესებზე. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ ჩემი თავი. ევროპული ინტეგრაციის იდეა გულისხმობს იმას, რომ ევროპას აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ მის ინტერესშია შენი კარგად ყოფნა.
ეს არის პრაქტიკულად იზოლაციის მცდელობა, რომ არავინ არ ჩაიხედოს იმაში, თუ რას ვაკეთებ მე საქართველოს შიგნით. ევროკავშირში ვერ გაწევრიანდები, თუ ქვეყნის შიგნით რასაც გინდა, იმას აკეთებ, თუ ეწინააღმდეგები ევროპულ ღირებულებებს.
თავისი ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის დახმარება მხოლოდ და მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება და არა საქართველოს ინტერესებს. ეს არის პირდაპირი უარყოფა ყველა იმ დაპირებების და რაც მთავარია – იმ სულისკვეთების, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი ურთიერთობების დამფუძნებელი დოკუმენტები, ამდენი წლის ურთიერთობა ევროკავშირთან.
მარტო ევროკავშირის ინტერესი იყო, საქართველოში ამდენი რაღაც რომ შენდება ევროკავშირის დახმარებით?!
- ივანიშვილს ევროკავშირთან ყველა გზა მოჭრილი აქვს. ეს გზავნილები საქართველოს მოსახლეობაზეა გათვლილი, რომ ამომრჩევლის აქტიური დაკვეთა აღარ იყოს ევროინტეგრაცია?
დიახ, რა თქმა უნდა. ეს არის მომავალი ნაბიჯებისთვის შემზადება, რომ ჩვენ სულ უფრო მეტ და მეტ დისტანცირებას მოვახდენთ ევროკავშირისგან, მეტად და მეტად ვიქნებით იზოლირებული და მხოლოდ და მხოლოდ ტრანზაქციული ურთიერთობები გვექნება ყველასთან. არავითარი ღირებულებითი დაახლოება, არავითარი ვალდებულებები ევროსაბჭო იქნება ეს, ევროკავშირი, თუ ტრანსატლანტიკური ერთობა. მე შენ გაძლევ ამას – შენ მე მომეცი ეს სანაცვლოდ და თუ არა, გამოდის, ვერ შევთანხმდით – სულ ესაა.
აი, ამ ტრანზაქციული ურთიერთობებისთვის ამზადებს ივანიშვილი მოსახლეობას რომ მას არ ჰქონდეს პრეტენზიები, ამ ფრაზით ის აჩვენებს, რომ რაც არ უნდა თქვან უცხოელებმა იმაზე, რომ „ოცნება“ რაღაცას არასწორად აკეთებს, იცოდეთ, რომ ისინი ლაპარაკობენ თავისი ინტერესების მიხედვით და არა თქვენი, ქართველი ხალხის ინტერესებით.
თუ, მაგალითად, ევროკავშირში იტყვიან, რომ თქვენთან სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია და ჟურნალისტებს აპატიმრებენ, ივანიშვილი თავის მოსახლეობას ეუბნება: ის ამას იმიტომ კი არ ლაპარაკობს, რომ შენ უყვარხარ, ან საქართველო უყვარს, არამედ თავისი ინტერესების გამო ლაპარაკობს, ეს ჟურნალისტები, ვისაც ჩვენ ახლა ვჩაგრავთ, ასრულებენ იმათ დავალებებს და მუშაობენ მათთვის
ამგვარი განწყობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ემსახურება ეს განცხადებები. ივანიშვილი თავისი რეჟიმის კონსოლიდირებას ახდენს და აქეთკენ ამზადებს მოსახლეობას
ეს არის პლურალიზმის შევიწროება, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა კონტექსტში, ანუ პლურალიზმის მაქსიმალურად გაქრობა პრაქტიკულად და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის ნდობა უნდა ჰქონდეს შენ, საქართველოს მოქალაქეს.