გურიის მოამბე

„მივდივართ იმ წერტილამდე, როცა რეჟიმი მთლიანად დაექვემდებარება კრემლს“ – ბექა მინდიაშვილი

„ღამით სახლებში შევარდნები, ეს სპეცოპერაციები, როცა 70 წლის ადამიანს ასი პოლიციელი აკავებს, იმის დემონსტრირების მცდელობაა, რომ ჩვენთვის არც ასაკს, არც სქესს, არც მდგომარეობას, არც პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მიზნების მისაღწევად და რაღაც ყრუ კედელია ამ თვალსაზრისით აღმართული“ – ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

ბექა მინდიაშვილი იმ რეპრესიების შესახებ საუბრობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს.

„ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმი. მტრული, ძალადობრივი, ტერორისტული ხასიათის გახანგრძლივებული აქტი.

ეს შეგვიძლია შევადაროთ 1921 წლის მოვლენებს საქართველოში, საქართველოს ოკუპაციას და ასევე, შეგვიძლია შევადაროთ 37 წლის ტერორს.

რეჟიმმა უკვე შეძლო დემოკრატიის გაუქმება და ყველა შტოს ერთ ხელში მოქცევა.

ფაქტობრივად, ივანიშვილი მართავს არაფორმალურად და ავტორიტარული მეთოდით ქვეყანას. მას ემორჩილება აბსოლუტურად ყველა შტო, რომელიც უკვე ფორმალურ ხასიათს ატარებს. მან შეძლო, ფაქტობრივად გაუქმება სამოქალაქო საზოგადოების, შეძლო მიეტანა დარტყმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, ვინაიდან, თუკი ჩვენ გვახსოვს მანამდე რაღაც განსხვავებული პოზიციები მათი მხრიდან, ახლა ვხედავთ აბსოლუტურ დუმილს და არა მარტო დუმილს – მხოლოდ მხარდამჭერ პოზიციებს ვისმენთ ხოლმე.

მეორე მხრივ, ვხედავთ სასულიერო პირებს, რომლებიც კრიტიკული პოზიციებით გამოდიან და რომლებსაც თავს ესხმიან რეჟიმის პროპაგანდისტები და შეურაცხყოფენ.

რეჟიმმა იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე და ფაქტობრივად, ვეღარ ახერხებს მედია საკუთარი თავის გადარჩენას.

ჩვენ მივდივართ იმ წერტილამდე, სადაც სრულფასოვან დიქტატურას მივიღებთ, მაგრამ ეს არ იქნება მათი ე.წ. სუვერენული დიქტატურა, რაზეც ისინი საუბრობენ. რეჟიმი მთლიანად დაექვემდებარება კრემლს. კრემლისტური რეჟიმი.

მისი შეფასებით, როცა 70 წლის ექიმის დასაკავებლად ღამით, ასამდე პოლიციელი მიდის, ეს არის დაშინების დემონსტრირება.

„ღამით სახლებში შევარდნები, სპეცოპერაციები მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მცდელობაა, რომ ორგანიზებული და ფართო ხასიათი მიიღოს საზოგადოების დაშინებამ, რომ ზედმეტი ვერაფერი გაბედონ მოქალაქეებმა. იმის დემონსტრირების მცდელობაა, რომ ჩვენთვის არც ასაკს, არც სქესს, არც მდგომარეობას, არც პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მიზნების მისაღწევად და რაღაც ყრუ კედელია ამ თვალსაზრისით – ამის დემონსტრირებას ცდილობს რეჟიმი.

მე არც ველი არანაირ თანაგრძნობას ხელისუფლებისგან. მოქალაქეები უნდა იბრძოდნენ სამართლიანობისთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება ყოველთვის მცდელობა, გასცდეს თავის კომპეტენციას, თავის საზღვრებს. ამით არის საინტერესო ლიბერალური დემოკრატია, რომ ბევრი დამაბალანსებელი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლება არ მოიქცეს დესპოტურად.

ახლა მოშლილია ყველა ეს ჯებირი და რუსული, რაღაცა სატელიტური, მარიონეტული რეჟიმის თანაგრძნობა არავის არ სჭირდება.

მე მჭირდება სამართლიანობა, მე მჭირდება დიქტატურის დასრულება, მე მჭირდება საქართველოს დაბრუნება თავის ისტორიულ, დასავლურ გეზზე, თავის ისტორიულ, დასავლური განვითარების გზაზე და მჭირდება თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, მშვიდობა ამ ქვეყანაში, რაც შეუძლებელია რუსული ბატონობის პირობებში“ – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

მისი შეფასებით, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ პროტესტი არის დიდი და მძლავრი, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნაკლებობას ცალკეული პროფესიების თვალსაზრისით.

„მაგალითად, მწერლებს არ უჭირთ სოლიდარობა, ორგანიზება, მხარდაჭერა, არც მედიას უჭირს, მაგრამ, იგივე მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო წრეებს, ეს პრობლემა აქვთ.

მაგალითად, მარინა ჩიტაშვილის წინააღმდეგ თავდასხმაზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორს ან პროფესურას ერთიანი, მძლავრი მხარდაჭერით არ უპასუხია, მაშინ როდესაც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გაავრცელა მისი მხარდამჭერი განცხადება.

ეს არის სერიოზული პრობლემა, როდესაც ტენდენცია ჩნდება, რომ გავჩუმდეთ იმის გამო, რომ გვეშინია. ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო დიდი მსხვერპლი ხარ რეჟიმის, იმიტომ, რომ შენი არსებობა იქცევა თავიდან ბოლომდე ყალბ ცხოვრებად და ამ შიშის გამო იმას კი არ გააკეთებ რაც შენ გინდა, არამედ იმას, რასაც შიში გკარნახობს.

დღეს სერიოზულად არის შერყეული ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ამის გაგრძელება ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.

ამიტომ ეს პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა იყოს მუდმივი. ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში გამოდიან ადამიანები და ეს უნდა გაგრძელდეს. მეორე მხრივ, გვჭირდება საერთო ენის გამონახვა მიზნისკენ მისაღწევ გზაზე. ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ.

არ უნდა იყოს დაყოფა არც პარტიული ნიშნით, არც იდეოლოგიური, არც ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით, არც რელიგიური ნიშნით, არამედ ეს უნდა იყოს საერთო ეროვნული მოძრაობა, რომლის, ასე ვთქვათ პიკზე მისვლისას, ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როდესაც ანტიქართული, რუსული რეჟიმისთვის ადგილი აღარ იქნება.

საზოგადოებას უნდა მოედოს ერთი დიდი განწყობა, რომელშიც უბრალოდ არ დარჩება ამ ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, ოკუპაციის ადგილი ჩვენს რეალობაში და ცნობიერებაში.

თავის დროზე ამ გზას მიმართა ილია ჭავჭავაძემ, თერგდალეულებმა, როდესაც მათ შექმნეს ქართული საზოგადოების ერთიანობის წინაპირობები. არა კუთხური, არა რელიგიური, არა ეთნიკური, კლასობრივი თუ ფენობრივი დაყოფით, არამედ, პირველ ყოვლისა, გაჩნდა იდეა, რომ მე ვარ ქართველი და აი, ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ის დიდი მოძრაობა, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მიგვიყვანა.

თუმცა, ამ ყველაფერს ხელს უშლის ეს დაქსაქსულობა, სეგრეგაცია, პარტიული თუ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების და ლიდერების ერთმანეთთან. ამიტომ არის კონსოლიდაცია საჭირო.

ეს არჩევანი მალე უნდა გაკეთდეს, ღრმად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა ამა თუ იმ ჯგუფის ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის და ქართველი ერის გადარჩენისთვის ბრძოლა, რომელიც დგას ყველაფერზე მაღლა და ეს უნდა ესმოდეთ ოპოზიციის ლიდერებსაც, რომლებიც ყველა კუთხიდან უტევენ ერთმანეთს და ცდილობენ ერთმანეთს აკიდონ დანაშაული და ბრალი.

ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ სად იდგა, ვინ არჩევნებზე მიდიოდა, ვინ პროტესტზე იდგა, ვინ აქციაზე იდგა. მთავარია, მივაღწიოთ ერთიან, დიდ ორგანიზმს, რომელშიც, უბრალოდ, ადგილი აღარ დარჩება ამ ქოცურობისთვის.

თუ არ გავერთიანდით, უბრალოდ დავიღუპებით“ – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

ბათუმელები

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights