ცისფერყანწელების ოთახი და ინსტალაციები ცისფერი ქოლგით – სოფელ არგვეთში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა

2023 წლის 12 იანვარს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში იხსნება პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი. პროექტი 2022 წელს პაოლო იაშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით განხორციელდა.

„აიპრესი“ ამ საკითხთან დაკავშირებით, პროექტის ხელმძღვანელს,  თეონა ჯაყელს ესაუბრა.

 

პროექტის ხელმძღვანელი – თეონა ჯაყელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე:

სახლ-მუზეუმის შენობა წარმოადგენს XIX ს-ში დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ტიპურ საცხოვრებელ ოდა სახლს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ პოეტის ოჯახმა შენობა გადასცა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის მიერ მოხდა მისი რესტავრაცია, თუმცა სრულფასოვანი მუზეუმისათვის აუცილებელი იყო სამუზეუმო ექსპოზიციის მოწყობა, რათა დამთვალიერებელი ერთიან სივრცეში გაცნობოდა პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

კულტურის მინისტრის ინიციატივით და ხელშეწყობით დავიწყეთ პროექტის განხორციელება. პირველ ეტაპზე სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა შექმნა სამუზეუმო კონცეფცია, რომლის შემდეგ დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი, სწორედ კონცეფციაზე მუშაობა იყო. გვქონდა საკმაოდ მწირი მატერიალური მასალა, ფაქტიურად არაფერი, გარდა რამდენიმე სარესტავრაციო ნივთისა. მუზეოგრაფია კი უნდა აგვეწყო ისე, რომ თანამედროვე გამომსახველობითი ეფექტების პარალელურად შეგვენარჩუნებინა სახლის ავთენტური ინტერიერი და მოგვეყოლა პაოლო იაშვილის ცხოვრების შესახებ.

სახლ-მუზეუმის ხუთი ოთახი დავყავით თემატურ სივრცეებად: ბავშვობა და ოჯახი, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიური სივრცე, ცისფერყანწელების ოთახი და პაოლოს ოთახი.

თეონა ჯაყელის განცხადებით, მომდევნო ეტაპზე დაიწყო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. შეგროვდა და დამუშავდა საარქივო და ფოტო მასალა როგორც ოჯახის კოლექციიდან, ასევე ეროვნული არქივიდან და სხვადასხვა მუზეუმებიდან.

 

თეონა ჯაყელი: მოგროვდა შესაბამისი ეპოქის ავეჯი და რელიქვიური ნივთები. ჩვენმა რესტავრატორებმა აღადგინეს პაოლოს პირადი ავეჯი. შეიქმნა თემატური სტენდები, რომლისთვისაც სპეციალურად შეირჩა შუშის მასალა, რათა ხის ინტერიერი ზედმეტად არ დაგვემძიმებინა. დაპროექტდა და დამონტაჟდა თანამედროვე საექსპოზიციო განათება, მოეწყო და აღიჭურვა მულტიმედიის სივრცე.

 

განსაკუთრებით უნდა გამოვყო ცისფერყანწელების ოთახში პაოლოს ლექსების ინსპირაციით შექმნილი არაჩვეულებრივი ინსტალაციები  ცისფერი ქოლგით, პარიზის ხედებითა და გაფრენილი ლექსებით და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სტენდი – სიკვდილის წინ პაოლოს მიერ შვილისადმი, მედეასადმი მიწერილი წერილით.

საბოლოო ჯამში მივიღეთ გამართული სამუზეუმო სივრცე, სადაც დამთვალიერებელი ქრონოლოგიურად მიყვება პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიას, ეცნობა მის შემოქმედებას და ვიზუალური ეფექტებით გადადის იმ ეპოქის პოეტურ გარემოში.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის თითოეულ მონაწილეს: ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებს, რესტავრატორებს, ექსპოზიციონერებს, დიზაინერებს, პროექტის კოორდინატორს, ადგილობრივ მოსახლეობას და პაოლო იაშვილის ოჯახს. ასევე დიდი მადლობა მეგობარ ინსტიტუციებს და საჩხერის მუნიციპალიტეტს კულტურის მინისტრის ინიციატივაში თანამონაწილეობისათვის.

ეს იყო ინტენსიური თანამშრომლობის ძალიან აქტიური თვეები. ჩვენ, ყველამ ერთად შევქმენით ძალიან საინტერესო მუზეუმი, რომელიც ვიმედოვნებ რეგიონის აქტიური კულტურული კერა გახდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share