გამორიცხულია, ვინმემ აიძულოს ბიძინა ივანიშვილი, რა ოდენობის თანხაც არ უნდა იყოს დაბლოკილი მის ანგარიშზე, რომ ის წავიდეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „კრედიტ სუისის” საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მან ამ საქმესთან დაკავშირებით, ევროპის მასშტაბით მედიასაშუალებებზე განხორციელებულ ცენზურაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ არის ეს ყველაფერი კოორდინირებული და არის თუ არა ეს ბანკის ხელიდან მართული ცენზურა, რა თქმა უნდა, არა. აქ საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია ერთდროულად განსაზღვროს ბანკის მენეჯმენტის კრიმინალური გადაწყვეტილებები და მეორე მხრივ, განახორციელოს ცენზურა ევროპის მასშტაბით მედიასაშუალებებზე.
გამძაფრდა ძარცვის ეს სქემა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც გაჩნდა კონკრეტული ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ ვქცეულიყავით მეორე ფრონტად. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნიშნისგან ვერ გავმიჯნავთ ვერავითარ შემთხვევაში ამ საქმეს, მით უმეტეს, რომ „კრედიტ სუისმა” და მისმა მენეჯმენტმა თავად დაუკავშირა პოლიტიკა საკუთარი კლიენტის ძარცვის ეს საქმე.
ასევე, წამოსცდა ვიოლა ფონ კრამონს, რომ სწორედ მათი რეზოლუციის შედეგი იყო „კრედიტ სუისის” მიერ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის გაგრძელება. ვიღაცებს სურთ, ბიძინა ივანიშვილი, ნების წინააღმდეგ, დააბრუნონ პოლიტიკაში და მისგან წამოვიდეს ინიციატივა საქართველოში მორე ფრონტის გახსნის თაობაზე. გამორიცხულია, ვინმემ აიძულოს ბიძინა ივანიშვილი, რა ოდენობის თანხაც არ უნდა იყოს დაბლოკილი მის ანგარიშზე, რომ ის წავიდეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას”, – აღნიშნა კობახიძემ.