როგორიც ჩემი შვილია, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, აქ, საქართველოში დატყვევებულია, პუტინის ტყვეა, მოწამლულია ციხეში და კვდება – ამ ხელისუფლებისგან ზელენსკის და ერმაკის მოწოდებები იგნორირებულია და რა უნდა ვუთხრათ ასეთ ხელისუფლებას, არ ვიცი – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელები გმირულად იცავენ სახელმწიფოებრიობას.
“საოცარი მაგალითი გვაჩვენეს. სამწუხაროდ, ყველა ამას ვერ ხედავს, არ ესმის. ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოც ის ქვეყანა იყო, რომელიც ძალიან კარგ მაგალითებს იძლეოდა და ბევრმა გადაიღო.
უკრაინის ასეთი მნიშვნელოვანი მოქალაქე, როგორიც ჩემი შვილია, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, აქ, საქართველოში დატყვევებულია, პუტინის ტყვეა, მოწამლულია ციხეში და კვდება. ჩვენს ხელისუფლებას მიმართავს ზელენსკი, ერმაკი, არახამია, მთელი პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაუშვან მათი მოქალაქე, იმკურნალოს შესაბამის კლინიკაში, აღიდგინოს ჯანმრთელობა და ეს მათ არ ესმით. მეტი რა უნდა ვუთხრა?!
დღევანდელი დღე არის უკრაინის მხარდაჭერა. მათთვის გამარჯვების სურვილი. უკრაინა უკვე გამარჯვებულია. ჩვენ გვინდა საბოლოოდ დაესვას წერტილი იმ ჯოჯოხეთს, რომელიც გრძელდება.
პარლამენტის წევრები მიწვეულები იყვნენ უკრაინაში, მაგრამ უარი თქვეს. ეს მოსალოდნელი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ციხეშივე მოწამლული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი კვდება. ამ ხელისუფლებისგან იგნორირებულია ზელენსკის და ერმაკის მოწოდებები და რა უნდა ვუთხრათ ასეთ ხელისუფლებას, არ ვიცი”, – აღნიშნავს ალასანია.