“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებისადმი 4 მთავარ მოთხოვნაზე ისაუბრა. მან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას 4 მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებისა და დისკუსიისკენაც მოუწოდა.
“ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისთვის რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენთვის ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება.
მეორე მოთხოვნა, რომელსაც ასევე სჭირდება თქვენი თანხმობა – თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია, რომელმაც თქვა და ეს ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით, უბრალოდ მთელს მსოფლიოში მოგვჭრა თავი რუსულმა ოცნებამ და ახლა უკვე ოფიციალურად ამერიკელები ამბობენ, რომ კორუმპირებული, ქრთამისტი და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ასეთი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასანქცირბული მოსამართლეების დაუყოვნებლივი გადადგომა.
რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, დეპოლარიზაცია, რომელიც ცხადია, სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა.
მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.