პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა კარგად გაიაზრონ რეჟიმის საფრთხეები და მოერიონ საკუთარ ინტერესებს – ხაბეიშვილი

“როგორ შეიძლება საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს პრეტენზია ერქვას რუსული ოცნების, ივანიშვილის ოპოზიცია, სხვა თემებით იღლებოდეს, ცდილობდეს დღის წესრიგი არააქტუალური და არაპრიორიტეტული თემებით გააჯეროს?” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს

ხაბეიშვილი არსებული პრობლემების ჩამონათვალს აქვეყნებს და წერს, რომ “უმნიშვნელოვანესია, კარგად გაიაზრონ, რუსული ოცნების რეჟიმის საფრთხეები და მოერიონ საკუთარ, პირად ინტერესებს”.

“ასეთ პირობებში (მინიმალური ჩამონათვალი), როგორ შეიძლება საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს პრეტენზია ერქვას რუსული ოცნების, ივანიშვილის ოპოზიცია, სხვა თემებით იღლებოდეს, ცდილობდეს დღის წესრიგი არააქტუალური და არაპრიორიტეტული თემებით გააჯეროს ? წარმოუდგენელია, ეს თემები არ იყოს გამაერთიანებელი და მთავარი სამიზნე, სამუშაო ჩვენი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველომ, უნდა მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.  სტატუსის გარდა, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის გარდა და საერთო ეროვნული ინტერესების გარდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება, სხვა რა საქმე შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ? უმნიშვნელოვანესია, პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რუსული ოცნების რეჟიმის საფრთხეები და მოერიონ საკუთარ, პირად ინტერესებს – იფიქრონ ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებიდან  გამომდინარე.

  1. სამტრედიაში, ახლად აშენებული ხიდი ჩავარდა და ხალხის ფული, მილიონები წყალს გაჰყვა.
  2. რიკოთზე, გაუგონარი აღებ-მიცემობა, არაკომპეტენტურობა, მილიონობით ლარის გაფლანგვა და ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით თამაში მიმდინარეობს.
  3. გელათში, სასწაული დაატრიალეს და ფაქტობრივად ანადგურებენ ჩვენს იდენტობას. ჯვრის მონასტერში ქვები ცვივა, ლპება, ინგრევა იქაურობა და პასუხისმგებელი არავინ ჩანს.
  4. ქვემო ქართლში, ჩვენს ეკლესია-მონასტრებსა და კულტურულ მემკვიდრეობას არაფრად აგდებენ, ივანიშვილის ოქროსთვის და მილიარდებისთვის პირდაპირ ბულდოზერებით ანგრევენ.
  5. პოლიტიკური პატიმრები: ნაწამები, პუტინთან მებრძოლი მესამე პრეზიდენტი, დევნილი მედია მენეჯერი – ნიკა გვარამია, დატყვევებული ლაზარე. პოლიტიკური ნიშნით მძევლად აყვანილი ოფიცრები, საქართველოს პატრიოტები და ის ადამიანები, ვინც თავი არ დაუხარა რუსულ ოცნებას
  6. შსს მინისტრზე მისი მოადგილე ამბობს, რომ ოკუპანტი რუსეთის გენერლები ჩუმად ჩამოჰყავდა საქართველოში და რიგ შემთხვევაში, იქეთაც აკითხავდა დავალებების მისაღებად.
  7. სუსის უფროსი თავსაც არ იმართლებს, უარყოფაც არ უნდა იმის რომ მამაოებს, პედაგოგებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს –  ყველას უსმენენ, უღებენ და მათი ჩაწერა, მიყურადება მიმდინარეობს უკანონოდ.
  8. რუს ოლიგარქ ივანიშვილზე, ევროპა და ცივილიზებული სამყარო ღიად ამბობს, რომ შემაფერხებელია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
  9. რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირები, ქართუს თანამშრომლები, პლასტიკური ბარათების დამმზადებლები არიან მთავრობის წევრები.
  10. აშშ-მ, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, გამოიყენა სანქცია მოსამართლეების წინააღმდეგ, რაც არის დასტური კლანური, კორუფციული მმართველობის
  11. ემიგრაციაში მიდის ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. გაჭირვება, სოციალური მიმართულებით კატასტროფა, 300-400 ლარზე მომუშავე ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე.
  12. რუსული კანონით ცდილობდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებას – ოფიციალურად მოაწერეს ხელი კრემლიდან მოსულ დირექტივას.” – წერს ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share