რუსეთი წამგლეჯია და მისთვის აუცილებელი ჟანგბადი სხვისი დაჩაგვრაა – ჟანრი ლოლაშვილი

მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი რუსეთზე საუბრისას არ მალავს, რომ ეს ქვეყანა წამგლეჯია და მისთვის აუცილებელი ჟანგბადი სხვისი დაჩაგვრაა:

“ზოგი ქვეყანა აწესებს თავის კანონებს და უნდა თავისი რეჟიმები შექმნას. მათ შორის რუსეთი. რაც ახლა ხდება, ეს წარმოუდგენელია. ვიფიქრე, შეცდომაა რაღაც და გამოსწორდება. მაგრამ არა, არ ეტევა არანაირ გაგებაში მათი ქმედება.

რუსეთის ცხოვრების წესი არის სრულიად სხვანაირი – წამგლეჯია. განსაკუთრებული ადამიანები არიან, ანთროპოლოგიურადაც, ადამიანებს არ ჰგვანან. ამის გამო შეიძლება ვიღაცამ ტყვია მესროლოს შუბლში, მაგრამ მაინც ვიტყვი… შეხედეთ, ერთი მათგანი მაინც დამისახელეთ, რომელიც ჰგავს ადამიანს. რაღაც სხვა მოვლენაა.

ფენომენალური, გენიალური მწერლები, არაჩვეულებრივი მუსიკა, გენიოსი ფილოსოფოსები და უცებ სხვანაირი ცხოვრების დღის წესრიგი, სხვანაირი აზროვნება – აუცილებელი ჟანგბადი გახდა ვიღაცის დაჩაგვრა, თითის ქნევა, ჭკუის სწავლება.

არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება, თანაც მესამე ათასწლეულში – კაცობრიობა დიდია, საიდან მოდის ადამიანი – მატერიალურ ძეგლებს ტოვებს, ფანტასტიკურ რაღაცეებს აკეთებს ესთეტიკის დონეზე, ფიქრობ, რა გენიოსია ადამიანი, ამას რომ აკეთებს – მარადიული თემები მუსიკაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში…

ხომ არსებობს გამაჩერებელი ფაქტორი? არაფერი არ გამოდგა ამათთვის გამაჩერებელი ფაქტორი. შენსას ვერ უვლი – ამხელა ტერიტორიაა და სხვისი რად გინდა? მაგრამ ასეთია მათი ბუნება.” – აცხადებს ჟანრი ლოლაშვილი.

artinfo.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share