„ქართული ოცნება” სასამართლოში არსებულ „კლანს” გადაეფარა, ამისთვის პარლამენტის საქმიანობაც კი შეაჩერა , – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც აქუბარდიამ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე” აღნიშნა, ხელისუფლება კუთხეშია მიმწყვდეული, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, პარლამენტში ოპოზიციაშია გადასული.
„პოლიტიკურად რომ შევხედოთ, ეს არის პარლამენტის საბოტაჟი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, სწორედ სასამართლოს რეფორმაა. ამ მოცემულობაში ეს არის პოლიტიკური მტკიცებულება, რომ „ქართული ოცნება” სასამართლოში არსებულ „კლანს” გადაეფარა, ამისთვის პარლამენტის საქმიანობაც კი შეაჩერა.
პარლამენტის 50-მა დეპუტატმა ხელმოწერით დააფიქსირა ნება და მე თვითონ გადავეცი შალვა პაპუაშვილს. მე არ ველოდები ახალ პასუხს ბატონი შალვასგან. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის საფუძველი. „ქართული ოცნება” ელოდება, რომ ვიღაცა ავად გახდება და პარლამენტში ვერ იქნება.
ეს არის შიში, კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში პარლამენტში ოპოზიციაშია გადასული”, – განაცხადა აქუბარდიამ.
გადაცემაში დეპუტატმა ასევე ისაუბრა აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023″-ში საქართველოს თავდაცვის ძალების არ მონაწილეობაზე.
აქუბარდიას განმარტებით, სწავლებაზე უარის თქმა, შესაძლოა უკავშირდებოდეს აშშ-ს მიერ 4 მოსამართლის დასანქცირებას.
„5 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში, საქართველო 26 ქვეყანასთან ერთად ჩამონათვალში იყო, მათ შორის მოლდოვასთან ერთად. 30 აპრილს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ძვირი ჯდება და აღარ უნდათ.
ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ 5 აპრილი არის თარიღი, როდესაც დაასანქცირეს 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლე, ამავდროულად რუსეთი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალ-ყურს ამ სწავლებას.
ეს ყველაზე დიდი შესაძლებლობა იყო ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, რომ ერთად გაევლოთ სწავლება. თავდაცვის მინისტრის განცხადება, ერთის მხრივ მაამებელი იყო რუსეთისთვის.
როცა სწავლება იწყება მაშინ გადაიფიქრეს? – ეს ხომ არ უკავშირდება აშშ-ს მხრიდან სანქციების საკითხს? როგორ შეიძლება 2 წლით ადრე სწავლება დაგეგმო და უცებ, სწავლების მიჯნაზე გადაწყვიტო, რომ სწავლება შენს ჯარს არ სჭირდება. რატომ არ სჭირდება, აწყენს?”,- განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე შეფასებით, ვილნიუსის ნატო-ს სამიტის წინ, სწავლებაზე უარის თქმა არის სიგნალი იმისა, რომ ნატო არ არის პრიორიტეტი.
„ვილნიუსის ნატო-ს სამიტის წინ, რომელიც ივლისში იმართება, სწავლებაზე უარის თქმა, რაღაცა ბოდვით, არის სიგნალი იმის, რომ ნატო არ არის პრიორიტეტი, არც სამხედრო კუთხით და არც დემოკრატიული კუთხით და ამაზე პასუხისმგებლობა აქვს თავდაცვის მინისტრს, რომელმაც პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილება მიიღო”,- აღნიშნა აქუბარდიამ.