“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი, ეხმაურება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა და ამბობს, რომ სხვა მოლოდინი არც ქონიათ.
მისი თქმით, სასამართლო არის კლანი, ხოლო მოსამართლეები სწორედ იმ კლანის ნაწილი, რომლებიც რუსული ხელისუფლების მოთხოვნეს ასრულებს.
“სანქცირებული სასამართლოსგან მოლოდინი სხვა ჩვენ არ გვქონია, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სასამართლო არის კლანი და ეს მოსამართლეები არიან კლანის ნაწილი და არიან დანიშნულები მხოლოდ იმისისთვის, რომ შეასრულონ, ჩვენი რუსული ხელისუფლების მოთხოვნა. ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად მოსამართლეებს არ აღმოაჩნდათ გამბედაობა და ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ დროს, ასეთ გადამწყვეტ მომენტში ვერ მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ” – ამბობს სოფო ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.