“ივანუშკა დურაჩოკი” – თხის ფეხებზე შემდგარი კოლოსი – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

“გუშინდელი მოვლენებიდან რაც გავიგეთ, შემდეგია: ღმერთმა არ ქნას და თუ კი ნატო თავს დაგვესხა, მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია – ასფალტის გადათხრა და ლუკაშენკოსთან დარეკვაა… “, – წერენ რუსები სოციალურ ქსელებში.

რუსეთის დედაქალაქის ასაღებად მიმავალი რუსული შეიარაღებული კოლონა; კრემლის დასაცავად, მოსკოვამდე 200 კილომეტრში, კომუნალური სამსახურების მიერ ესკალატორებით გადათხრილი ავტობანები; პარალიზებული ხელისუფლება; პანიკა მოსახლეობაში, კრიმინალის მიერ საჯაროდ დატუქსული თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელები; პუტინის შეშინებული სახე და სრული განუკითხაობის მოლოდინი – ეს ყველაფერი ცნობილ რუსულ სიტყვა “სმუტაში” იყრის თავს, რომლის ანალოგიც ქართულ ლექსიკონში უბრალოდ არ მოგვეპოვება.

თითქმის ერთი დღე გავიდა, რაც რუსეთში სამხედრო ამბოხი დაიწყო და დამთავრდა კიდეც, თუმცა, ახლა ბუნდოვანება ბევრად მეტია, ვიდრე სიცხადე.

ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი და მხოლოდ საჯარო სივრცეში გამოსული ინფორმაცია არ იძლევა ისეთი კონსტრუქციის აწყობის საშუალებას, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დაუსვამდა ჩვენი მეზობელი და მთელი მსოფლიოსთვის უდიდეს პრობლემად ქცეული სახელმწიფოს შუაგულში გუშინ მიმდინარე დრამატული მოვლენების შინაარსს.

ვერსიების დონეზე კი შეგვიძლია სამ ძირითად ვარიანტზე ვისაუბროთ:

პირველი ვერსია ყველაზე მეტად შეთქმულებებისა და კონსპირაციების მოყვარულებს მოეწონებათ – ამ ვერსიის მიხედვით ყველაფერი რუსეთის ხელისუფლების მიერვე, წინასწარ იყო დაგეგმილი საიმისოდ, რომ არსებული სისტემის სუსტი მხარეები გამოევლინათ და ენახათ, თუ ვის როგორი რეაქცია ექნებოდა რუსეთის მთავრობის, განსაკუთრებით კი პუტინის ძალაუფლების დრამატულად კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მომენტში. ბუნებრივია ამ ვერსიას არსებობის სრული უფლება და საფუძველი აქვს, თუმცა, ის უარყოფითი შედეგები, რომელიც ამ უცნაური ექსპერიმენტის ჩატარებას მოჰყვა, აშკარად ბევრად აჭარბებს თავად ამ ამოცანის მიღწევით გამოტანილი დასკვნების შედეგად მიღებულ სარგებელს. ექსპერიმენტის ჩატარება, რომლის შედეგად გამოვლენილი სისუსტეების აღმოფხვრა, შემდეგ, კიდევ უფრო მკაცრი ხელით და ისედაც გადატვირთულ რეჟიმში მომუშავე სისტემის ჭანჭიკების კიდევ უფრო მოჭერით უნდა მოახდინო, აშკარად არცთუ ისე ჭკვიანური ნაბიჯია იმ პირობებში, როდესაც ამ ექსპერიმენტმა რუსეთის ხელისუფლებას და თავად პუტინს გამოუსწორებელი რეპუტაციული დარტყმა მიაყენა და მისი ხელშეუხებლობის მითის ნგრევა გამოიწვია. ამ ვერსიის სერიოზულად განხილვის შემთხვევაში ბევრს გაახსენდება ძველ რუსულ ზღაპარში მოთხრობილი ამბავი, როდესაც ივანუშკა დურაჩოკმა საკუთარი სახლი იმისთვის დაწვა, რომ მეზობლებისა და თანასოფლელების რეაქციას დაკვირვებოდა.

მეორე ვერსიის მიხედვით, მომხდარი თავად პრიგოჟინის და ვაგნერის ხელმძღვანელობის პირადი გადაწყვეტილებაა, ერთგვარი დასწრებაზე თამაში. ამ ვერსიას საფუძველს მოვლენების ქრონოლოგია უმყარებს, რაც, როგორც ვაგნერის, ისე სხვა ყველა კერძო სამხედრო შენაერთის აკრძალვას და მათ თავდაცვის სამინისტროსადმი პირდაპირ დაქვემდებარებას უკავშირდება. დამაჯერებლად ჩანდა ხმები ვაგნერის ხელმძღვანელების ლიკვიდაციასთან დაკავშირებითაც. არ არის გამორიცხული, პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხის წინა დღეს, მის ბაზაზე თავდასხმის გათამაშებით შექმნა ხელოვნური საბაბი იმისთვის, რომ მოულოდნელობის ეფექტით დამდგარიყო რეზულტატი, რომელიც მისთვის ყველაზე შედეგიანი იქნებოდა.

ამ ვერსიას სუსტი მხარეც აქვს – მთავარი კითხვა იმაშია, თუ რატომ არ წავიდა პრიგოჟინი ბოლომდე, როდესაც მის პროფესინალ სამხედროებად ქცეული ბანდიტების შენაერთის შემჩერებელი მოსკოვამდე არავინ აღმოჩნდა. ჩვენ ჯერ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია დაზუსტებით ვთქვათ, თუ რა ტიპის გარანტიები მიიღო ყოფილმა მზარეულმა დიქტატორისგან, რომ უკან დაეხია, ბელარუსში გადასულიყო და ვაგნერის სამომავლო ბედი გაურკვეველ ფაზაში დაეტოვებინა.

ეს ვერსია საყურადღებო და ანგარიშგასაწევია, და, შესაძლოა, მას ამყარებდეს იმის წარმოდგენა, რომ უშუალოდ რუსულ სამხედრო შენაერთებთან მასშტაბური სისხლისმღვრელი დაპირისპირების თავიდან აცილებით, იმ ფონზე, როდესაც პუტინის სისუსტე და პრიგოჟინის უპირატესობა ნათლად გამოჩნდა, შეინარჩუნა წინაპირობა, მომავალში მსგავსი მოქმედების შემთხვევაში შეიარაღებული ძალების ნაწილების მისდამი კეთილგანწყობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად, რაც რუსეთში ხელისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

მესამე ვერსია ითვალისწინებს კრემლში ძალაუფლების გადანაწილების გადამწყვეტი ფაზის დაწყებას, რის ტაქტიკურ ამოცანასაც პუტინზე განმსაზღვრელი გავლენის მოპოვება წარმოადგენს. ამ ვერსიის მიხედვით, კრემლის ძლიერმა დაჯგუფებამ, რომელიც, სავარაუდოდ, თავად პრიგოჟინის უკან დგას, სამხედრო ამბოხი გამოიყენა იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელების გადაყენების შედეგად, ამ თანამდებობებზე საკუთარი კადრების განლაგებითა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსსა და შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის მოპოვებით, გადამწყვეტი გავლენა მოიპოვონ თავად პუტინზე. ამ ვერსიას არსებობის სერიოზული საფუძველი ნამდვილად აქვს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეზულტატი უშუალოდ პრეზიდენტ პუტინის და მისი ვერტიკალის ავტორიტეტის მსხვრევისა და უმძიმესი რეპუტაციული ზიანის შედეგად უნდა დადგეს, ბუნებრივია, რჩება კითხვის ნიშნებიც: რა საბოლოო მიზანი აქვს ამ დაჯგუფებას, რა როლი რჩება მთელ ამ პროცესში პუტინს, ან როგორ იმოქმედებს თავად პრეზიდენტი ამ დაჯგუფების წინააღმდეგ.

ვერსიებიდან რომელია ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს, ან სად არის ამ ვერსიებს შორის გადაკვეთის წერტილი – საკადრო გადაადგილებების, პოლიტიკური თუ სამხედრო გადაწყვეტილებების შედეგად შევიტყობთ. დღეს კი, ამ ბუნდოვანებაში, რაც შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, ისაა, რომ რუსეთში, მის სამეზობლოსა და მთელ მსოფლიოში ყველამ ნათლად დაინახა რეალობა: საქმე გვაქვს შინაგანად სრულიად გამომპალ, უმწვავესი სისტემური ჩავარდნების მქონე სახელმწიფოსთან, რომელსაც არათუ საგარეო სამხედრო პოლიტიკური მიზნების მიღწევა, არამედ თავისსავე ქვეყანაში ელემენტარული წესრიგის, უსაფრთხოების და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება არ შეუძლია.

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ცხადია, უკრაინის გამარჯვების მოსურნე, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გულშემატკივრობდა. თუმცა ,არა ამ პროცესის რომელიმე მონაწილე-სუბიექტის მხარდაჭერის მოტივით, არამედ იმის გააზრებით, რომ იმპერია, რომელიც ბოლო საუკუნეებში ქართული სახელმწიფოს მთავარ პრობლემას წარმოადგენს, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, როდესაც საკუთარი სისუსტეების საყოველთაოდ და მასშტაბურად გამოვლენის ფონზე, ნაკლები რესურსი რჩება მის საზღვრებს გარეთ პრობლემების შესაქმნელად. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს სარგებლის მომტანი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, თუ თავად მზად ვიქნებით დავიცვათ ეროვნული ინტერესები და მტრული სახელმწიფოს დასუსტების ფაზა საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გასაძლიერებლად გამოვიყენოთ.

გუშინდელის შემდეგ რუსეთისა და პუტინის დასახასიათებლად ალბათ ყველაზე შესაბამისი ივანუშკა დურაჩოკის და თხის ფეხებზე შემომდგარი კოლოსის ხსენებაა, თუმცა, რა უნდა ვუწოდოთ საქართველოს მმართველ ფიგურებს, რომლებიც ამ გაზრდილი საფრთხეების ფონზე შეშფოთების გამომხატველ, მათ მიერვე არჩეულ პრეზიდენტს სულელს ეძახიან, ხოლო რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას საქართველოზე ყურადღებისა და განხილვის ღირსადაც არ მიიჩნევენ – მე პირადად საჯაროდ გამოყენებადი ეპითეტების რესურსი დიდი ხანია ამომეწურა და თქვენ რაც გინდათ, ის დაუძახეთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share