ქართუ ფონდმა ლაგუნა ვერე გაყიდა. ინფორმაციას ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
აბესაძის ცნობით, ლაგუნა ვერე შპს ნეო სითი დეველოპმენტმა იყიდა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
18 იანვარს, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.
“65 სართულიანი კომპლექსი, ჯამურად 155 588 კვ.მ საცხოვრებელი და კომერციული ფართობი, ქართუს საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას – ეს ყველაფერი გმირთა მოედანზე (სატრანსპორტო კვლევის ფაილი არ იხსნება, იმედია არსებობს და როცა გაიხსნება, ვნახავთ რა გველის)”– წერდა აბესაძე.
ამ ინფორმაციაზე პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე რეაბილიტაციის შემდეგ, ინფრასტრუქტურა და აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა მთლიანად შენარჩუნდებოდა.
მისივე აზრით, რეაბილიტაციის შემდეგ ლაგუნა ვერეს ტერიტორია “მიზიდულობის ახალი ცენტრი” გახდებოდა.
კალაძე ასევე აცხადებდა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორია საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადაეცემოდა, ამისთვის კი მადლობას ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს უხდიდა.
მოგვიანებით კი კალაძემ თქვა, რომ “საუბარი იყო ობიექტის გადმოცემაზე”, თუმცა, მისი თქმით, უნდა განსაზღვრულიყო, “რამდენად სწორი იქნება მაგ კონკრეტულ ადგილზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულია, საცურაო აუზის გაკეთება და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ”.