მეორე წელია, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ომის პირობებში ხვდება. გუშინ, კიევის ომის მუზეუმში, ვიწრო საზოგადოებრივ წრეში გამართულ ღონისძიებას, რომელზედაც სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი მომღერალ ნინო ქათამაძესთან და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრ სოფო ჭყონიასთან ერთად ესწრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი განათავსა.
„ყველა ლოგიკით ახლა ბათუმში უნდა ვიყო, ფაქტი კი ასეთია, ჩემს ნინოსთან და სოფოსთან ერთად ვსხედვართ კიევის ომის მუზეუმში, საკმაოდ ვიწრო საზოგადოებრივ წრეში, ჩვენს წინაშე სიტყვით გამოდის უკრაინის პრეზიდენტი და ორდენებს გადასცემს ომში დაღუპული გმირების მშობლებს და ამაგდარ ადამიანებს, მასთან პირადი მისალმებაც შევძელით, გაცისკროვნდა ნინოს დანახვით, რადას თავმჯდომარესაც გამოველაპარაკეთ და მთავარსარდალ ზალუჟნისგანაც მოვისმინეთ მისი სამშობლოსადმი გვერდში დგომისთვის ჩვენდამი გამოხატული მადლიერების სიტყვები…
უკვე უკრაინის დამოუკიდებლობის დღე დგება, რომელიც სამხედრო აღლუმის შემდგომ ადგილობრივ ორკესტრთან ერთად ჩვენი მუსიკალური საღამოთი აღინიშნება, რომლის აუდიტორია რეაბილიტაციის პროცესში მყოფი მებრძოლებით და საველე მედ-პერსონალით იქნება სავსე…
უკრაინაში თანამედროვე სამყაროს უახლესი ისტორია იწერება, ჩვენ კი ღმერთმა გვარგუნა პატივი ამ ისტორიის ერთი პატარა ნაწილი ვიყოთ, ხოლო უშუალოდ ჩვენი ცხოვრების ისტორიისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი, საამაყო და დაუვიწყარი დღეებია, ომის დაწყებიდან უკვე მეხუთეჯერ ჩამოსვლით და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს სწორი და ღირსეული პოზიციის დაფიქსირებით.” – წერს რაჭველი.