ოცნება მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვება – იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე  ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.

მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება “მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვება”.

დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია, რადგან სამწუხაროდ, ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ, პოლიტიკური ლანდშტაფტიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტინმა გააკეთა რუსეთში. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება.

საქართველოში პროცესი მიდის, როგორც დიდი გამარჯვება კრემლისთვის. პერიოდულად, თვალს ვადევნებ კრემლის პროპაგანდას და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრობენ. პრეზიდენტზე ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ჩანს ისე, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვებიან”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share