“უმომავლო მომავლის ტერიტორია
——————————————–
შეუმდგარი ფსევდო-სახელმწიფოები კორუმპირებული მთავრობებით; უკონტროლო ტერიტორიები; მიწიერი სამოთხე საერთაშორისო მასშტაბის თაღლითების, ტერორისტების, კრიმინალების და უბრალოდ ფსიქიურად დაავადებული მანიაკებისათვის. ასეთ ადგილებში შექმნილია ილუზია იმისა, რომ სახელმწიფო არსებობს; თითქოს ყველაფერია, პოლიციაც, სასამართლოც, პროკურატურაც, მაგრამ სინამდვილეში არცერთი ეს სისტემა არ არსებობს; თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია, ფიქციაა. ან თუ მუშაობს, ფუნქციონირებს მხოლოდ იმ დონეებზე, რომლებიც არ ეხებიან სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტურ პრინციპებს. შესაბამისად, ასეთი ტერიტორიების მოსახლეობაში ვერ ყალიბდება სახელმწიფო იდეოლოგია, ანუ განცდა იმისა, რომ ინდივიდი თავად არის პასუხისმგებელი ქვეყანაზე და ქვეყანა კი მასზე. როდესაც არ არსებობს სახელმწიფო და სახელმწიფო იდეოლოგია, არ არსებობენ არც მოქალაქეები. ასეთ ტერიტორიებს და მათზე დასახლებულ ადამიანებს მომავალი არ გააჩნიათ. ისინი არსებობენ კოშმარულ ილუზიაში, რომელიც იმავდროულად საერთაშორისო მასშტაბის თაღლითების, ტერორისტების, კრიმინალებისა და მანიაკების რეალობაა.
ეს არის კონცეფცია ე.წ. „ოფშორისა“, რომლის არსებობა ძლიერი, ჩამოყალიბებული ქვეყნების გავლენიანი, მდიდარი აფერისტების მსოფლიო ელიტას სჭირდება საპარპაშოდ; მოპარული ქონების გადასამალად; ყველაზე გახრწნილი, პათოლოგიური ოცნებების განსახორციელებლად.
ასეთ ტერიტორიებზე შეუძლებელია ენდემური ინტელექტის კონცენტრირება და დაბანდება, რადგან მისი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი უნდა იყოს ღატაკი, გაუნათლებელი და მორჩილი. ეს სამი მოცემულობა აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ სახელმწიფო არასოდეს შედგეს, რადგან თუ შედგა, მაშინ გაქრება „ოფშორული სამოთხე“ და ზემოთჩამოთვლილი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშეები შეწყვეტენ ადგილობრივ, ერთი მუჭა აფერისტებთან დანაშაულებრივ ფინანსურ კოოპერაციას. ინტელექტი კი ამას ვერ ჰგუობს; ამიტომ ინტელექტი ან უნდა მოისპოს ფიზიკურად, ან გაძევებული იქნეს ამ ტერიტორიიდან.
ეს არის ის რეალობა, რისთვისაც ქართველებმა საქართველო გაიმეტეს.
აქ პატრიოტობა სალოსების კუთვნილებაა; ფული-აფერისტების, რწმენა- ტარტაროზების, განათლება- გაუნათლებლების, ოცნება-უფანტაზიოების, იმედი-უიმედოების, მომავალი-უმომავლოების.
ყველა ერთმანეთს დასცინის და ყველას საოცრად სძულს ერთმანეთი. სინამდვილეში ეს საკუთარი თავის, საკუთარი უბადრუკი არსებობის სიძულვილი და დაცინვაა, მაგრამ ამას ვერავინ აცნობიერებს. ვერ აცნობიერებს იმიტომაც, რომ აქ ფიქრის დრო აღარ არის; შიმშილი არ იძლევა ფიქრის საშუალებას სხვა რამეზე, საკვების მოპოვების გარდა.
გიგანტური, უაზრო ჰესის კორუმპირებული პროექტის წინააღმდეგ მებრძოლ სალოსებს პოლიტიკის ეშინიათ. ეშინიათ მართებულად, რადგან ქვეყანაში პოლიტიკა არ არსებობს. არ არსებობს, რადგან პოლიტიკა სალანძღავ სიტყვად აქციეს ტერიტორიის მაცხოვრებლებმა. და იბრძვიან, სჯერათ რომ სამართლის მიღწევა შესაძლებელია იქ, სადაც სამართლის პრინციპი არ არსებობს როგორც სახელმწიფოებრივი კატეგორია. იქეთ ვიღაც საოჯახო მოძალადეს აკრიტიკებს ერთი შეხედვით უფრო ინტელექტუალური კასტა. ჰგონიათ რამე შეიცვლება მისი დასჯით.
სინამდვილეში ორივე პროტესტი ერთი პრობლემიდან მოდის; მაგრამ ეს პროტესტები ვერასოდეს ერთიანდებიან; დამოუკიდებლად არსებობენ. კარგიცაა მათი ასეთი სახით არსებობა მმართველი ბანდისათვის; საჭიროების მიხედვით ხან ერთს დააკმაყოფილებენ, ხან მეორეს და ამით გააგრძელებენ ილუზიის არსებობას, რომ სახელმწიფო არსებობს. მთავარია საძირკვლამდე ვერ ჩავიდეს ვერავინ.
და კონფორმისტებს სჯერათ ამ ილუზიების. ძალიან ხშირად ძალიან კარგი ადამიანები არიან ეს კონფორმისტები. რა ქნან. მათაც უნდათ ცხოვრება. ერთხელ მოდიან ქვეყანაზე.
იდეალისტები? .. სადღა არიან. იქ სადაც ამერიკა, დემოკრატიის ჩირაღდანი შეიძლება ჩინეთის, სადისტური ავტორიტარიზმის ეკონომიური პარტნიორი შეიძლება იყოს, პრინციპებზე შეიძლება საუბარი? ..
და მაინც? შესაძლებელია ამ არასრულყოფილ მსოფლიოში მეტნაკლები ღირსებით არსებობა? ცხადია შეიძლება. შეიძლება თუ საკუთარი ნებით არ აქცევ სამშობლოს სხვათა პათოლოგიური აკვიატებების განსახორციელებელ ტერიტორიად.
მაგრამ …“- წერს სოციალურ ქსელში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული.