ტრამპი: პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ მის შესახებ ნათქვამ სიტყვებზე ისაუბრა.

ტრამპი ირწმუნება, რომ მას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შეუძლია, თუმცა, მისივე თქმით, ამ ყველაფერს დეტალურად ვერ ახსნის.

“ზუსტად რომ გითხრა, ჩემს ყველა კოზირს დავკარგავ… მაგრამ პუტინს გარკვეულ რაღაცებს ვეტყოდი… გარკვეულ რაღაცებს ვეტყოდი ზელენსკისაც, ორივესთან კარგად ვარ”. – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა უარყოფიდან უპასუხა შეკითხვას, გულისხმობს თუ არა მისი ომის დამთავრების გზა რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დატოვებას.

“არა, არა, არა, არა… მე ყველასთან სამართლიან შეთანხმებას დავდებდი… არა, მე ამას სამართლიანად ვიზამდი”. – აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპმა დადებითად შეაფასა ვლადიმირ პუტინის მცირე ხნის წინ ნათქვამი სიტყვები: “ჩვენ ნამდვილად გვესმის, რომ ბატონი ტრამპი ამბობს, ყველა მწვავე საკითხს რამდენიმე დღეში გადავჭრიდიო, მათ შორის უკრაინის კრიზისს. ეს მხოლოდ გვიხარია”, – ამბობდა პუტინი.

ტრამპმა თქვა, რომ მას პუტინის სიტყვები მოსწონს. მისი მტკიცებით, ის 4 წლის განმავლობაში აკავებდა დაძაბულობას, რადგან პუტინს უკრაინაზე თვალი ჰქონდა დადგმული. როგორც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, ომის დაწყების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ნავთობის ფასების ზრდაა, რაშიც ის ახლანდელ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ადანაშაულებს.

“მე მომწონს, რომ ეს თქვა… რადგან ეს ნიშნავს, რომ რასაც მე ვამბობ, სწორია. მე მას ოთახში შევიყვანდი. ზელენსკისაც ოთახში შევიყვანდი. შემდეგ ერთად დავსვამდი და შეთანხმებას მივაღწევდი. შეთანხმებას მივაღწევდი. ეს ბევრად მარტივი იქნებოდა, სანამ დაიწყებოდა. რეალურად, 4 წლის განმავლობაში, მე მათ ვაკავებდი, რადგან იცით რას გეტყვით? ეს ჯერ არ მითქვამს. უკრაინაზე მას (რედ. – პუტინს) თვალი ჰქონდა დადგმული. ვეუბნებოდი: “არასდროს არ გააკეთო, არასდროს არ გააკეთო”. არასდროს გააკეთებდა. მაგრამ – ნავთობის ფასი. მას შეიძლება ეს ჩემს გამო არა, მაგრამ ნავთობის ფასის გამო გაეკეთებინა. ფასი იმდენად მაღალი იყო, იმდენი ფული ჰქონდა, მას მთელი ეს ფული ჰქონდა ომის წარმოებისთვის. ვინც ფასები გაზარდა, ბაიდენი იყო”. – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მას პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა მასზე მკაცრი რუსეთთან მიმართებაში არავინ ყოფილა. ის ირწმუნება, რომ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკად 2-ს თავად დაუსვა წერტილი.

“მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ამის მიუხედავად, რუსეთთან ჩემზე მკაცრი არავი ყოფილა. მე შევაჩერე ჩრდილოეთის ნაკადი 2. არასდროს გაგიგიათ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ. ეს იყო გაზსადენი, სანამ ჩავერთვებოდი… მე ის დავასრულე, გაზსადენი მკვდარია. ბაიდენი მოვიდა [ხელისუფლებაში] და ეს დაამტკიცა.

რუსეთთან ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა, თუმცაღა პუტინთან კარგად ვარ. მასთან ძალიან კარგად ვარ და ეს კარგია და არა ცუდი. მას აქვს 1 700 ბირთვული რაკეტა და ჩვენც ასევე. მაგრამ, შეხედეთ, ეს კარგია. კარგი ურთიერთობა კარგია. მაგრამ მე კარგი ურთიერთობა მაქვს ძალის მეშვეობით. ომი არასდროს დაიწყებოდა. ახლა რაც მოხდა, ძალიან ცუდია. ნავთობის ფასი იმდენად დიდია, რთულია ის შეაჩერო. როცა ფასი 50-60 დოლარს სცდება, ის (რედ. – პუტინი) ომში დიდ ფულს აკეთებს. ეს ჰუმანიტარული საკითხიცაა, ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს. მე ამ ომს შევაჩერებ”. – თქვა ტრამპმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share