“მე თქვენი მოქალაქე არ ვიყავი 2 წელი, რომ ანგარიშები დაგვიხურეთ შუა ანაკლიის მშენებლობაში, ბიზნესმენებს – მე და ბადრი ჯაფარიძეს? ” – ამ კითხვით მიმართავს ხელისუფლებას “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
“რეაქციაში” ხაზარაძე მთავრობის მისამართით სვამს კითხვას და ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმით ცდილობს საზოგადოებას აუხსნას, როგორ ესმის “ქართულ ოცნებას” სამართალი და სამართლიანობა. როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, თუ ახლა მმართველი გუნდი საკუთარი მოქალაქის უფლებების დაცვითა და უდანაშაულობის პრეზუმფციის არგუმენტით იცავს აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს და ანგარიშებზე წვდომას სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ უზღუდავს, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში მანამ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, მათი ანგარიშები უკვე დაყადაღებული იყო.
მამუკა ხაზარაძის თქმით, სებ-ის გადაწყვეტილებისა და “ქართული ოცნების” ლიდერების პოზიციების თანხვედრა აჩვენებს, რომ ჯაშუშობაში მხილებულ პირს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ეფარებიან და იცავენ.
”გუშინდელი ფაქტი არის დადასტურება, როგორ გადაეფარა ხელისუფლება პრაქტიკულად, ქვეყნის ჯაშუშობაში დასანქცირებულ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პირს, რომელი მოხვდა იმ სანქციებში, რომელსაც ხელს აწერს ბლინკენი. ამის საპასუხოდ ქართული ოცნების ყოყლოჩინა ჩინოვნიკებმა და ვაი პოლიტიკოსებმა შემოგვთავაზეს ასეთი პოზიცია – დაგვიმტკიცეთო. მთელი მსოფლიო ეყრდნობა აშშ-ის საგამოძიებო უწყებებს, სახელმწიფო მდივანი ხელს აწერს და ასანქცირებს ადამიანს, მაგრამ დოკუმენტურად ასანქცირებს და საბუთები მოგვეცით, დაგვიდეთ მტკიცებულებებიო.
ეს არის ზღვარგადასული და ამას ასაღებენ ვითომ ჩვენს მოქალაქეს ანგარიშებს არ დავუხურავთ, მე თქვენი მოქალაქე არ ვიყავი 2 წელი, რომ ანგარიშები დაგვიხურეთ შუა ანაკლიის მშენებლობაში, ბიზნესმენებს – მე და ბადრი ჯაფარიძეს? არც სასამართლო გადაწყვეტილება ჰქონდათ და არც არაფერი? რა საჭირო იყო? რა „სამართლიან“ ქვეყანაშიც ვცხოვრობთ, ეგ მინდა დაგანახოთ,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.