City A.M.: სებ ზეწოლას ახდენს ლონდონის ბირჟის 2 ქართულ ბანკზე, თავი აარიდონ აშშ-ის სანქციებს

ბიზნესგამოცემა City A.M. წერს, რომ ორი ქართული ბანკი, რომელთა აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული, “სანქციების კამათში” მოხვდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრედიტორებს განუცხადა, რომ აშშ-ის სანქციების შესრულება საჭირო არაა.

საუბარია TBC Bank-სა და საქართველოს ბანკზე – ორივე მათგანი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია. ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების ერთგულნი იქნებიან.

გამოცემა City A.M. წერს საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც პირველი ქართველია, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოყვა.

“მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკი უკრაინაში შეჭრის შემდეგ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად მოქმედებს, ის არ ეთანხმება, რომ ფარცხალაძის აქტივები სამიზნე გახდა”, – აღნიშნავს გამოცემა.

City A.M. წერს იმაზეც, რომ თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ ოთხი ვიცე-პრეზიდენტიდან სამი გადადგა, ასევე ეროვნული ბანკი დატოვა  მისმა მრჩეველმაც.

საქართველოს ბანკმა გამოცემას განუცხადა, რომ განაგრძობს სანქციების აღსრულებას, თუმცა უარი თქვა გაემჟღავნებინა, გაყინა თუ არა ფარცხალაძის აქტივები, რაც კონფიდენციალურობის დაცვით ახსნა.

გაერთიანებული სამეფოს ხაზინის ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და თქვა, რომ სანქციბის აღსრულება აშშ-ის ამოცანაა და რომ ის არ გააკეთებს კომენტარს ცალკეულ შემთხვევებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share