თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია პირველის ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინაღმდეგ ე.წ. ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ცირკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დადგა.
თინა ხიდაშელის თქმით, იმის ნაცვლად, რომ დღის წესრიგში საქართველოს ეროვნული ინტერესების საკითხები იდგეს, საზოგადოების ყურადღება მსგავსი თემებისკენ არის მიპყრობილი.
“ამ წუთის მდგომარეობით, საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრში ვართ, აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე დისკუსია სწორედ საქართველოს და უკრაინას ეხება; რუსეთმა პირველად ამ წლების განმავლობაში სრულიად ღიად, ინტერპრეტაციის დატოვების გარეშე განაცხადა საკუთარი პრეტენზია დედამიწის ამ გეოგრაფიაზე და ამ ვითარებაში, როდესაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ყველაფერს გააკეთებდნენ ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები, რომ ყველა ჩაბმულიყო ქვეყნის უსაფრთხოების პროცესში, ჩვენ ვუყურებთ ამ ცირკს, რომელიც ივანიშვილმა დადგა სამი წლის წინ და რომლის დასასრულიც, როგორც ჩანს ამ კვირაში გვექნება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, სასამართლო გადაწყვეტილება ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხვალ გახდება ცნობილი.