აი, ამ დასავლეთს ყოველ დღე „ოცნება“ ეუბნება უარს – ხან მედიაციაზე ხელის აკვრით, ხან შეთანხმების ცალმხრივად ანულირებით, ხან ევროპარლამენტარებისთვის ხელის აქნევით თუ თითის დაქნევით

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ დასავლური ინსტიტუციები რჩება იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფორუმად, სადაც საქართველოს შეუძლია სიმართლე აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგაც კი ამტკიცოს და გაიტანოს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ დასავლეთს ყოველ დღე „ოცნება“ ეუბნება უარს.

„სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების ფონზე, კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ოცნების უკვე ღიად ანტიდასავლური რიტორიკა ძირს უთხრის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და სახელმწიფოს ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე აყენებს!

რა მოხდა დღეს?

დღეს, სტრასბურგის სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გამოიტანა: საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს.

სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მათი პრეტენზიების გასამყარებლად.

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ დასავლური ინსტიტუციები რჩება იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფორუმად, სადაც შეგვიძლია ჩვენი სიმართლე აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგაც კი ვამტკიცოთ და გავიტანოთ! დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები, დავამარცხოთ რუსეთი სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურად!

აი ესაა დასავლეთი დღეს – სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ გადაგვსანსლავს ჩრდილოელი დათვი!

აი ამ დასავლეთს ყოველ დღე ოცნება ეუბნება უარს – ხან მედიაციაზე ხელის აკვრით, ხან მიღწეული შეთანხმების ცალმხრივად ანულირებით, ხან ევროპარლამენტარებისთვის ხელის აქნევით თუ თითის დაქნევით და ა.შ.

დასავლეთი ერთიანი სისტემაა, არ არსებობს ცალკე სტრასბურგი და ცალკე ბრიუსელი, ან ხარ ამ სისტემის ნაწილი და სარგებლობ მისი დაცვით და სიკეთეებით, ან არ ხარ და რჩები დაუცველი!

სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები, რასაც რუსეთი გვაბრალებს და აქტიურად ქოქავს პროპაგანდოსტულ მანქანას!

მადლობა, გულწრფელი და თავდახრილი, ყველას ვინც იშრომა ამ საქმეებზე!

რა სამარცხვინოა, რომ ათობით წესიერი და კომპეტენტური საჯარო მოხელის თუ თანამდებობის პირის შრომის შედეგებსაც საფრთხეს უქმნის პრემიერის და სხვათა როყიო და არასახელმწიფოებრივი ანტიდასავლური განცხადებები და ნაბიჯები!

დასავლეთზე უარი ნიშნავს ჩრდილოეთზე თანხმობას, მესამე გზა აქ არ არსებობს!

ამიტომ უნდა წავიდეს ოცნება! და წავა!“, – წერს ნაცვლიშვილი Facebook-ზე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: