ისევ ჩაგვკეტეს… უფრო სწორად პატიმრობა 1 თვით გაგვიხანგრძლივეს. უკვე მერამდენედ…განსხვავება ისაა, რომ ერთ კვირაში მოლები გაიხსნება და ფრენები აღდგება. ოღონდ ვინ იფრენს, სად და რატომ, გაუგებარია. ქართველები, როგორც წითელ ზონაში მყოფი ქვეყნის მოქალაქეები, შენგენის ზონაში ვეღარ შევლენ, ხოლო უცხოელებს, მიუხედავად ჯანმრთელობის სტატუსისა, ქართულ კარანტინში მოუწევთ კვირაზე მეტის გატარება.
სახელმწიფოს მზრუნველობა – დათვის ჩახუტებად გადაგვექცა, რომელიც გჭყლეტს და სულს გიხუთავს. თან ბრაზიც გიპყრობს, როცა ხვდები, რომ შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე პირებს ერთობ გაუტკბათ, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეგიდით მოჭერილი ქანჩები მოსახლეობისავე კონტროლის და მანიპულაციის შესაძლებლობად გამოიყენონ.
“ეს ხომ მარტო საქართველოს არ ეხება. მთელი მსოფლიო და ევროპა შეზღუდვებშია” – გვიმეორებენ ხშირად, რაც ნაწილობრივ მართალიცაა. თუმცა საინტერესოა რატომ არის საქართველო იმ უიშვიათეს გამონაკლისებს შორის, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს ან დაწყებითი სკოლები და საბავშვო ბაღები დახურულია? იმ ქვეყნების უმეტესობაშიც კი, რომლებსაც საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ და ასეთი მხოლოდ 7-ია მსოფლიოში, მსგავსი რეგულაციები არ მოქმედებს.
მეორე საკითხია ჩვენ რამდენად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გერმანიას თუ ბრიტანეთს ვედრებოდეთ. როდესაც რეზერვები არც სახელმწიფოს და არც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს, საგარეო ვალის ნიშნული მაქსიმუმზეა, ხოლო ბიუჯეტი გამოცარიელებული. როგორ შეიძლება იგივე სიმკაცრის ან ხანგრძლივობის რეგულაციები გქონდეს როგორც ბრიტანეთს, რომელმაც მხოლოდ ბოლო შეზღუდვებისას ბიზნესის დასახმარებლად 4,5 მილიარდი გირვანქა გამოყო, ადგილობრივი თვითმმართველობა კი მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ბიზნესის იჯარის გადასახადს იხდის, უმუშევრად დარჩენილს კი ხელფასის 80%-ს სახელმწიფო უნაზღაურებს. ამას ემატება ქართული ეკონომიკის სტრუქტურული თავისებურებაც, სადაც მომსახურებისა და სასტუმრო ბიზნესის წილი მაღალია, რის გამოც მკაცრი და ხანგრძლივი რეგულაციებით ორმაგად ვზარალობთ.
ისმის კითხვა რატომ ცდილობს ოცნება კოღოს კვლავ ზარბაზნით მოკვლას ან რატომ გვერჩის უაზრო და უთავბოლო შეზღუდვებით?
ერთი შეხედვით თითქოს რთულ კითხვაზე პასუხი მარტივია: დღეს უკვე ივანიშვილისგან მიტოვებული და “უთავო მხედრის” მდგომარეობაში ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა უდგას, სიცოცხლის გახანგრძლივებას ყველაფრის ფასად ცდილობს. ყველაზე მეტად კი სოციალური და პოლიტიკური მიზეზებით აზვირთებული საპროტესტო ტალღის ეშინია. ხოლო იმის საუკეთესო საშუალება, რომ უკმაყოფილო ადამიანები სახლში დატოვო, სწორედაც რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების დაკეტვა და კომენდანტის საათის გაგრძელებაა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ როდესაც უკიდურეს გაჭირვებამდე და შიმშილამდე მისული მოსახლეობა გარეთ გავა, პასუხს ხელისუფლებას მოსთხოვს.
მთავარი გაკვეთილი რაც ოცნებამ გასულ წელს მიიღო, ისაა, რომ გადარჩენას ჩაკეტილ ქვეყნას და კოვიდს უნდა უმადლოდეს, სხვაგვარად ის დღეს ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. ჩაკეტილი ქვეყნის მართვას არც დიდი ჭკუა-გონება და არც შრომა-გარჯა სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ როდესაც 14 მილიარდიან ბიუჯეტს მოაჯდები და ვალად დამატებით 7 მილიარდს აიღებ, ადვილია – საკუთარი მომხრეები: ჩინოვნიკები, სახელმწიფო დაწესებულებებში, სსიპ-ში და აიპებში დასაქმებულები, შენთან დაახლოვებული ბიზნესმენები კმაყოფილი გყავდეს. დანარჩენებს კი კისერიც უტეხიათ. ხოლო გაჭირვებულ და სახლში გამოკეტილ, შიმშილის პირას მისულ მოქალაქეს როდესაც 200 ლარს დაამადლი, ის ხვალ უფრო სუსტი იქნება. მისი შეშინება, მოქრთამვა ან საჭირო შემთხვევაში კისრის მოგრეხა კი ბევრად გაიაფდება და გაადვილდება.
ან საერთოდ რატომ იწვალოს? საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციას, მგზავრთა ნაკადების მართვას, რესტორნების და მაღაზიების კონტროლს, სასწავლო დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვას ჭკვიანური მართვა და შრომა სჭირდება – მოსახლეობის სახლში გამოკეტვას კი – მხოლოდ ბოქლომი და მაღალი ჯარიმები.
თუმცა, დღეს თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედი ხელისუფლება ხვალ იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რომ საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივება მოსახლეობის დიდი ნაწილის ხარჯზე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქვეყანას თებერვალში გახსნი, მარტში თუ აპრილში, როდესაც ვაქცინა არ გაქვს, კორონა სტატისტიკა კვლავ სწრაფად გაიზრდება; ჰოსპიტალური სექტორი, რომლის ოპტიმიზაციისთვის არაფერი გაგიკეთებია, ისევ კოლაფსის პირას მივა; შენივე უაზრო რეგულაციების გამო გაკოტრებული ათასობით საწარმო, ისედაც დაპაუზებულ ეკონომიკას უარეს შოკში ჩააგდებს; ხელოვნურად დასტაბილურებული ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, რის გამოც ბევრად მეტი ადამიანი გაღარიბდება; ვაქცინის მოლოდინში კი ბევრად მეტი დაიღუპება. ჯოხი ისე გაიღუნება, რომ აუცილებლად გადატყდება. გაბრაზებული, მშიერი და შეურაცხყოფილი ადამიანები დამნაშავის ძიებას დაიწყებენ და პასუხს მოსთხოვენ ვის? ხელისუფლებას. პირველ რიგში კი იმას, რომელსაც ალბათ გონია, რომ მორიგი ტრიუკი ჩაატარა, პასუხისმგებლობას თავი აარიდა და მშვიდი სიბერისთვის მოემზადა.