პრეზიდენტის ახალი აქტივობები მეტყველებს, რომ იმპიჩმენტის დაწყება სწორი იყო – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საგარეო ვიზიტების კუთხით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალი აქტივობები მეტყველებს, რომ იმპიჩმენტის დაწყება და სამართლებრივი პასუხი სწორი იყო.

„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რა წერია კონსტიტუციასა და კანონში. წერია, რომ საგარეო პოლიტიკას წარმართავს მთავრობა, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყველა დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუტი საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში არის ჩართული იმ მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მას აქვს. თუ პრეზიდენტს დამატებით სურს, საგარეო მიმართულებით იმუშაოს და იაქტიუროს, ამისთვის საჭიროა შეთანხმება მთავრობასთან და ამას ამბობს კონსტიტუცია. მთავრობამ არ მისცა მას ასეთი თანხმობა. შესაბამისად, როდესაც უკვე განხორციელდა ვიზიტები თუ საერთაშორისო აქტივობა, ეს არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაბამის პრინციპს და ამას ეფუძნება იმპიჩმენტის ინიცირება. რაც შეეხება ახალ აქტივობებს, ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთზე, რომ საპარლამენტო კუთხით რეაგირება და იმპიჩმენტის დაწყება იყო სწორი, რადგან, როგორც ჩანს, ეს არ იყო ერთი შემთხვევა. ეს რომ პრაქტიკად არ იქცეს, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share