7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მუსიკის მოყვარულები კვირების განმავლობაში ელოდნენ ფესტივალს.
“დადგა დრო, როდესაც მთელი ოჯახი კვლავ შეიკრიბება”, “რა სახალისო იქნება!” – წერდნენ ორგანიზატორები სოციალურ მედიაში ფესტივალის დაწყებამდე.
Საცეკვაო ფესტივალი მთელ ღამეს გაგრძელდა, თუმცა გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, სირენების ხმა გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად რაკეტების სროლაც მოჰყვა.
საჰაერო თავდასხმა არ იყო ყველაზე საშინელი, რაც ფესტივალის მონაწილეებს ელოდათ – მოულოდნელად ტერორისტები ფესტივალზე შეიჭრნენ და შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნეს.
ტერორისტები “ხე-ხე დადიოდნენ და ისროდნენ. ყველგან. ორივე მხრიდან. დავინახე, რომ ირგვლივ ხალხი კვდებოდა”. – თქვა ერთ-ერთმა გადარჩენილმა.
თავდასხმის შედეგად ფესტივალის მონაწილეების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ჰამასის წევრებმა მძევლად აიყვანეს, ზოგმა გაქცევა და დამალვა მოახერხა.
ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილე ტალ გიბლიმ CNN-ს მომხდარ თავდასხმაზე დეტალურად უამბო. მისი თქმით, ტერორისტების ფესტივალზე შეჭრის შემდეგ ხალხში პანიკა დაიწყო, ისინი მანქანებისაკენ გარბოდნენ, რათა სწრაფად დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ტერორისტებმა სწორედ ამ მიმართულებით დაიწყეს სროლა, რის გამოც ფესტივალის მონაწილეები სხვადასხვა, გაურკვეველი მიმართულებით გაიფანტნენ.
“ჩვენ არ გვქონია დასამალი ადგილი, რადგან ღია სივრცეში ვიყავით”. – უთხრა მან CNN-ს.
გიბლი ამბობს რომ თავდაპირველად ტყისკენ გაიქცა, შემდეგ კი გზაზე მიმავალ მანქანას გაჰყვა და თავდასხმის ეპიცენტრს მოშორდა. მისი თქმით გზის პირას მრავალი დაღუპული დაინახა, მათ შორის ერთ-ერთი, მანქანასთან ახლოს, ხოლო მეორე სავარძელში იყო მოკლული.
“ეს ისეთი საშინელი იყო… ჩვენ არ ვიცოდით სად წავსულიყავით, რომ არ შევხვედროდით იმ ბოროტებას […] მრავალი მეგობარი ტყეში დავკარგე”. – თქვა მან CNN-თან.
ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. ცხედრები სასაზღვრო ტერიტორიაზე მომუშავე ძალებმა იპოვეს.
ოჯახები უგზო-უკვლოდ დაკარგულ ახლობლებს ეძებენ. ჯამში, დაჭრილია 2048, ხოლო მძევლად აყვანილია ათობით ადამიანი, რომელთა რაოდენობაც ზუსტდება.
ერთ-ერთი საშუალება, თავდასხმის შედეგად ტერორისტების მიერ გადაყვანილი მძევლების იდენტიფიცირებისათვის, ღაზას სექტორიდან გავრცელებული ვიდეოებია. CNN-მა შეძლო ვიდეოებში რამდენიმე პირის იდენტიფიცირება.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, აჩვენეს, რომ ფესტივალის მონაწილეები – ისრაელელი ქალი და მისი მეგობარი ბიჭი – ნოა არგამანი და ავინატან ორი – ტერორისტებმა გაიტაცეს.
“ჩვენ გვყავს დაკარგული ხალხი. ჩვენ გვყავს მეგობრები და ოჯახები, ახალგაზრდები და მოხუცები – ყველა, ვინც ღაზის სექტორში მოხვდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასაბრუნებლად”. – უთხრა CNN-ს ნოა არგამანის მეზობელმა, ამირ მოადიმ და დასძინა, რომ ის ფესტივალზე მყოფ და შემდგომში დაკარგულ, დაახლოებით ხუთ-ექვს ადამიანს იცნობს.
ტაბულა