თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს დამატებითი დახმარება გაუგზავნა.
თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მიაწოდეს ინფორმაცია ისრაელში მიმდინარე შეტაკებების შესახებ.
„თეთრი სახლის თანამშრომლები გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან. ეროვნული უსაფრთხოების გუნდები თანამშრომლობენ ისრაელელებთან და მათ მოკავშირეებთან მთელს რეგიონში“, – განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციამ.
დღესვე პენტაგონმა განაცხადა, რომ ისრაელში სიტუაციის გაუარესების გამო, შეერთებული შტატები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში აგზავნის ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფს.
მასში შედის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Gerald Ford-ი, Ticonderoga-ს კლასის მართვადი რაკეტებიანი კრეისერი USS Normandy, ასევე სამხედრო ხომალდები Arleigh-Burke კლასის მართვადი რაკეტებით, გემები USS Ramage-ი, USS Carney და USS Roosevelt-ი, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
„ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რეგიონში საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებლების ესკადრილიების გასაძლიერებლად“, – დასძინა ოსტინმა.