გურიაში სახლების მშენებლები თურქეთიდან, კერძოდ ლაზეთიდან ჩამოდიოდნენ, ლაზები ძირითადად ხის ოსტატები იყვნენ, ხოლო ქვას ტრაპიზონელი ანუ პონტოელი ბერძნები ამუშავებდნენ. გურული ოდა და ე.წ. ღოჯე-ს წესით აშენებული სახლებიც სწორედ ლაზების მიერ უნდა იყოს შემოტანილი გურიაში და არამარტო გურიაში. ლაზები ძალიან კარგი ხელოსნები იყვნენ და მათ მიერ აშენებული სახლებიდან რამდენიმე დღესაც დგას გურიაში.
.
გურიის სოფელ ხაჯალიის ეკლესიის მღვდლის და ხაჯალიის სამრევლო სკოლის მოძღვარის ნ. ჯიჯიეშვილის მონათხრობი ოზურგეთის ეკლესიის მშენებლობის შესახებ. კერძოდ მის მიერ გაზეთ ცნობის ფურცელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ოზურგეთის სამხედრო ეკელსია ანუ სობორო “თათრებს” ახმედ-ოფი ოღლის და მის ძმას მუსთაფას აუშენებიათ, რომლებიც სავარაუდოდ მუსლიმი ლაზები უნდა ყოფილიყვნენ. გთავაზობთ გაზეთ “ცნობის ფურცელის” სტატიას:
.
“ახმედ-ოფი ოღლის ნაამბობი
.
ახმედა თათარი არის 84 წლისა. ჯე კიდევ ჯანმრთელად არის მუშაობა შეუძლია. არის ხურო. 23 ელკლესია გაუკეთებია და ეხლა ჩემდამი რწმუნებულ ეკკლესიასაც აკეთებს. თან ახლავ ორი ვაჟი, ორივე საუკეთესო ხუროები. ახმედას უყვარს ძველი ამაბების ლაპარაკი და ბევრიც მიამბო. სხვათა შორის ერთი ერთი ამბავი გადმომცა ქ. ოზურგეთის სამხედრო ეკლესიის შესახებ:
.
„ორმოცდაათი წელიწადი იქნება მას აქეთ, რაც ოზურგეთში რუსების ეკკლესია ავაშენეთ მე და მუსთაფამ – ჩემმა ძმამ. ეკკლესიის აშენება ხელმძწიფემ ბრძანა. ვაშენებდით და პლანს „პომპოლიკი კოდმეიჭი“ ასე ვუძახოდით, გვაძლევდა. ეკკლესიის აშენება როდესაც დავასრულეთ, პომპოლიკმა მოგვიხმო მე და მუსთაფა და სხვებს, ვინც იქ იყო იქ მაყურებელი იყო გაიწიო უთხრა; მოვთხრეთ მე და მუსთაფამ მისი ბრძანებით, წელამდინ მიწა, მოვიტანეთ ორი ჩახანა, ერთჭი რუსის პომპოლიკმა ჩააწყო 1900 ვერცხლის თითო მანეთიანები, ერთი მოწითალო ფერის სანთლით თავდაცული ბოთლი, შელიფული ნაწერი ქაღალდი და ამ ჩახანას მეორე ჩახანა გადაახურა და ამოთხრილში ჩადვა;
.
მერე მუსთაფას კირი და სილა მოაზელინა და ამოთხრილი ჩახანა ჩააკირვია. ეს ჩვენ მოვთხრეთ და ჩავკირეთ იქ სადაც ტრაპეზის ფეხი უნდა დასობილიყო და ეს ფულები იქვა დამარხული, პომპოლიკმა დაგვანამუსა არავის არ უთხრათო და დღემდის არავისთვის არ მითქვამს; მაშინ ვიკითხე ეს, რაიზა დავმარხეთ ფულები მეთქი და მითხრა: ეს ფულები ამ ეკესიას ოდესმე ხელმეორედ აააშენებსო“. ნეტავი თუ დაძველდა ეს ეკკლესია“? მუსაიფში გაურია ახმედამ.
.
ეს მიამბო ახმედამ და, რადგან დღემდე ეს მოქმედება საიდუმლო ყოფილა ახმედას სიტყვებით, ვცანი საჭიროდ ამის გამოცხადება. ძველი შენობის შესამაგრებლად ეს ათას ცხრაასი მანეთი კარგი ფულია! სხვა ეკლესიების შესახებაც დავეკითხე მაგრამ ფული არსად არ უხსენებია.
.
მღვდელი ნ. ჯიჯიეშვილი
.
გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1898 წელი 14 ივლისი #582
ოზურგეთის სამხედრო ეკლესია – სობორო
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა