პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მან საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი დააინიცირა, რაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების მომატებას ითვალისწინებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ დეპუტატებმა რეგლამენტში ამ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, მაშინ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან პარლამენტის წევრების ანაზღაურება 8 000-დან 10 000 ლარამდე იქნება.
“2013 წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ხელფასი არ გაზრდილა, ან არ შეცვლილა. პარლამენტარების ანაზღაურება პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება და საჯარო სამსახურის ხელფასებს მიბმული არ არის. მათ შორის, ის 10%-იანი ზრდა, რაც ბოლო წლებში საჯარო სექტორში მოხდა, პარლამენტის წევრებს არ ეხება. შედეგად, დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ხელფასი უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის, იმ სტრუქტურებში, რომლებიც ანგარიშვალდებულები პარლამენტის მიმართ არიან. მაგალითად, პარლამენტის აპარატში რამდენიმე ათეული თანამშრომელია, რომლის ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე პარლამენტის წევრის […] დღესდღეობით, პარლამენტარების ანაზღაურება თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4 000-დან 7 000 ლარის ფარგლებშია”. – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
პაპუაშვილის თქმით, მას სურს, რომ პარლამენტის წევრების ანაზღაურება შესაბამისობაში მოვიდეს იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც კანონმდებლობითაა დადგენილი.