საქართველოს საპატრიარქო დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ივერი მელაშვილის განცხადებებზეც, კერძოდ საპატრიარქო წერს, რომ “სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი… კელიებთან პოზირებას დაიწყებს“, შეურაცხმყოფელია:
“ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს;
მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?
პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი.
საზოგადოებას აინტერესებს: მას შემდეგ, რაც ახალი გარემოებები, კერძოდ, რუკები გაჩნდა კომისიის სამუშაო მაგიდაზე, არის თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან რაიმე კონკრეტული საკითხები გავლილი ან გაანალიზებული? არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომა?
თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი… კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე.
როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს… და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?
სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს“,-ნათქვამია განცხადებაში.
კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.
კარტოგრაფების დაკავებამდე საპატრიარქო მათ წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ არაერთხელ უწოდა კომისიის მუშაობას მოღალატეობრივი.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან “რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა”.
ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება – სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.