როგორ დაიტირა გალაკტიონი უცნობმა ქალმა

შუახეველი შაოსანი თენზილე თურმანიძე თბილისში ჩავიდა და მწერალთა კავშირში გალაკტიონი დაიტირა.
«-ვინ არის ეს შაოსანი? – ერთმანეთს გადახედეს კონსტანტინე გამსახურდიამ და ირაკლი აბაშიძემ»…
«მინდა გიტირო აჭარელმა ქალმა, დიდო მგოსანო!»
მწერალი ნიაზ ზოსიძე
თენზილე
შუახევი, უჩამბა, ნაადრევი ქვრივობა,საფლავი, ობლები, მთა-ბარი, ყანა-ბაღჩა, სახნავ-სათესი, მტერ-მოყვარე, სინდისი, ნამუსი, სიამაყე, ქორწილ-ტირილი, სახლ-კარი, სადილ-ვახშამი, ნადი, ნალია, ბოსელი, ლოცვა, ცხენი, ხარი, ძროხა, უღელი, გუთანი, შეშა, მარხილი, დარდი, სატკივარი…
გალაკტიონი გარდაიცვალაო…
თენზილე: თბილისში ჩამიყვანეთ, ჩემი გალაკტიონი უნდა დავიტიროო…
მგლოვიარე, შავად შეფერილი თბილისი, ყველა გზა გალაკტიონისაკენ მიდის…
მწერალთა სასახლე… მარმარილოს კიბეები… დაიღალა მთიელი ქალი…
-ვინ არის ეს შაოსანი? – ერთმანეთს გადახედეს კონსტანტინე გამსახურდიამ და ირაკლი აბაშიძემ…
მამია ვარშანიძე მოყვა შაოსანი ქალის ისტორიას…
თენზილე გალაკტიონის ცხედარს მიუახლოვდა და დაიწყო:
-მე შუახეველი ქალი ვარ, დიდო მგოსანო, შორსაა ჩემი სოფელი, საყვარელო მგოსანო, უჩამბიდან ჩამოვედი. ბევრი გაჭირვება და ცრემლი ვნახე ცხოვრებაში, უბედობა ერგო წილად ჩვენებურ ქალს… ტანჯვის დღეში ვიყავი, ჩემო მგოსანო, ჰოდა, მოვედი მე ამ დღემდე ოხვრით, გოდებით, მაგრამ მოვიტანე ქართული მანდილი, დიდო მგოსანო, ქართველი დედის სახელი არ დამიკარგავს, შვილებს ქართულად ავუდგი ენა, ქართულ ზნე-ხასიათზე დავზარდე, მგოსანო. დედა ენა იყო ჩემი საკითხავი და გულში ჩასახუტებელი წიგნი, მგოსანო, შვილებმა შემაყვარეს შენი ლექსები, სულ ჩემთან იყავ, ჭირშიც და ლხინშიც.
შენი სიკვდილი რომ გავიგე, მუხლები მომეკვეთა, სული ამიკანკალდა, ცრემლები ვეღარ შევიკავე, დიდო მგოსანო, სახლში ვეღარ გავძელი, დიდო მგოსანო, თბილისში მოვედი შენს სანახავად და დასატირებლად. მინდა გიტირო აჭარელმა ქალმა, სიტყვა არ მყოფნის, უსწავლელი ვარ. რა ვქნა, გული რასაც მეუბნება, იმას ვამბობ. თუ ლამაზად ვერ დაგიტირე, მაპატიე, დიდო მგოსანო…
ეს იყო ერთი იშვიათთაგანი დატირება, რომელიც სადმე თქმულა…
ეს იყო მოძახილი, რომლის გამოც მაშინ მწერალთა კავშირში ცრემლს არავინ მალავდა…
###
ნიაზ ზოსიძის წიგნიდან «თან მეცინება, თან მეტირება»
(დიდი მადლობა ჩემ მეგობარ ნიაზ ზოსიძეს, ვიდეოს მოწოდებისათვის).
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share