გურული სოციალდემოკრატი, არსენ წითლიძის მოსწავლე აკეთელი ვლასა მგელაძე ცნობილი ბომბების სპეციალისტი და ბომბებისვე დასამზადებელი სახელოსნოს უფროსი გახლდათ.
.
გურიის 1905-1906 წლების აჯანყების ჩახშობის შემდეგ მგელაძე შვეიცარიაში წავიდა, საიდანაც 1908 წელს ირანში გადავიდა, იქაური აჯანყებულების დასახმარებლად. მგელაძე ირანში მეთაურობდა კავკასიელების რაზმს, რომლიც შიშის ზარს სცემდა შაჰის ჯარს, მგელაძეს კი ირანში უშიშარი მებრძოლის სახელიც მოიხვეჭია. თუმცა მგელაძის ირანში ჩასვლის მთავარი მიზანი იყო ირანელი აჯანყებულებისათვის ბომბების დამზადების სწავლება.
.
„თავრიზის რევოლუციონერების გული, მამაცი და თავზეხელაღებული, სტრატეგი, ქიმიკოსი და პიროტექნიკოსი“ ( “Душа тавризских революционеров, отчаянный храбрец, стратег, химик и пиротехник“) ასე ახასიათებს თავრიზის მოვლენების გაშუქებისას ვლასა მგელაძეს გაზეთ „რუსკოე სლოვოს“ მოსკოველი კორესპონდენტი ტადოროვი „ყველა ბომბი, რომელიც ფეთქდებოდა თავრიზის პოზიციებზე, ყველა მინა და ფუგასები იყო მის მიერ დამზადებული.“ ტადოროვსკის ცნობით სპარსეთის შაჰს მგელაძის დაჭერისათვის 10 000 მანეთი დაუწესებია. მგელაძის დიდ ავტორიტეტზე ირანში ისიც მეტყველებს, რომ იგი 1910 წელს ირანის მეჯლისში სიტყვით გამოსულა, რომელსაც დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია.
.
თავის მოგონებებში მგელაძე წერს ქალაქ ჯულფაში მისი ყოფნის დროს როგორ დაამზადა ე.წ. „ბოჩკა ბომბი“: „დიდ ბოჩკაში დინამიტით გატენილი თქევსმეტი რკინის მილის ნაჭერი ჩავუშვი, გავუკეთე გრძელი ფითილი, ავავსე რკინის ნაჭრებით, და შიგ ცემენტი ჩავასხი. თავი დავბეჭდე, მავთულებით გავკარი და ოთახში დავდგი, რომლის აფეთქება ჯულფას დაანგრევდა, ერთ პოლკს მოშლიდა…“
.
ეს „ბოჩკა ბობმბი“ ჯულფის ქუჩებში ჩამოუტარებიათ, რითაც აჯანყებულებს გვარიანად დაუფრთხიათ მოწინააღმდგე – „ჩვენს ბოჭკა ბომბს რკინის სალტეები შემოვაჭდეთ, სახელურები გავუკეთეთ, ოთხ კაცს მხრებზე შევადეთ და სადემონსტრაციოდ გზებზე ასე ვატარეთ.“
.
ყოველივე ზემოხსენებულთან ერთად ვლასა მგელაძე იყო ბრწყინვალე ორატორი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და სასტამბო საქმის ძალიან კარგი მცოდნე.
.
გალაქტიონი თავის დღიურებში წერს, რომ შარაძის სტამბაში შეხვდა ახალგარდა და ახოვან ვლასა მგელაძეს, რომელსაც პოეტზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია თავისი იუმორით.
.
1921 წელს ემიგრაციაში წასული 1924 წელს საქართველოში დაბრუნდა და იყო დამკომის ქუთაისის სამხედრო შტაბის უფროსი.
.
– В. Л. Генис – КАВКАЗСКИЕ БОЕВИКИ В ПЕРСИИ (1908 – 1911 гг.)
– ვლასა მგელაძე – მოგონებანი (პარიზი 1974)
ფოტო – აჯანყებული თავრიზელები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა