რატომ ეშინიათ გერმანიაში ებრაელ სტუდენტებს

უნივერსიტეტები ინტელექტუალური დისკუსიისა და ამჟამინდელი პრობლემებისა და გამოწვევების განხილვის ადგილი უნდა იყოს. თუმცა, იმას, რასაც დღეს ებრაელი სტუდენტები გერმანიის უნივერსიტეტებში აწყდებიან, ამ იდეალისაგან შორს არის. მათთვის უნივერსიტეტი შიშის ადგილად იქცა, განსაკუთრებით – 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ. მართლაც, ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ცნობები გერმანიის უნივერსიტეტებში ანტისემიტური ინციდენტების შესახებ.

ებრაელი სტუდენტების კრიტიკა: „ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება“

ლენა და მისი მეგობარი ბიჭი ფრედი, რომლებიც ერლანგენ-ნიურნბერგის ფრიდრიხ-ალექსანდრეს უნივერსიტეტში (FAU) სწავლობენ, იმ ებრაულ უმცირესობას მიეკუთვნებიან, რომლებიც თავის უნივერსიტეტში, ჯერჯერობით, „რაიმე განსაკუთრებულს“ ვერ ხედავან. აქ შედარებით სიმშვიდეა, ამბობს ლენა. თუმცა, სრულიად უსაფრთხოდ თავს არც ერთი მათგანი არ გრძნობს. ლენა შეშფოთებულია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბერლინის უნივერსიტეტებში მიმდინარე ისეთი აქციებით, როგორიცაა პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები და ანტისემიტიზმით გამსჭვალული სხვა მოვლენები. „ყველაფერი ეს თანდათან გროვდება და არანაირი ახსნა არა აქვს. რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ამ უნივერსიტეტებში ცოტათი შეშინებულ ებრაელ სტუდენტებს ხედავ“, – ჩივის ლენა.

ანტისემიტური ინციდენტები ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტშიც მოხდა

თუმცა, FAU-ში ყველაფერი ისე მშვიდად არ არის, როგორც ეს ლენამ თავიდან აღწერა. როგორც ებრაელი სტუდენტი, ის ღონისძიებებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობს და ამიტომ, საზოგადოების თვალთახედვის არეშია. ეს ლენას დაუცველს ხდის. მან ეს სულ ცოტა ხნის წინ თანაკურსელის ქცევის მაგალითზე იგრძნო. „ერთმა სტუდენტმა ჰოლოკოსტის რელატივიზაცია დაიწყო და თქვა, რომ ებრაელები არ აინტერესებს. შევეცადე, ობიექტური ვყოფილიყავი და მეპასუხა: რასაც შენ ამბობ, ანტისემიტიზმია…“, – იხსენებს ლენა.

„ასეთ დროს, თავს უმწეოდ გრძნობ… მე ვიცნობ ჩემი ასაკის უამრავ ებრაელს, რომლებიც მსგავსი ინციდენტების გამო, უნივერსიტეტებს თავს არიდებენ. ისინი სხვა სტუდენტებისგან იღებენ ისეთ შეტყობინებს, რომელთა გამო უნივერსიტეტში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ – არ იცი, ვინ არის, სად გადაეყრები. ასეთმა ადამიანებმა ისიც კარგად იციან, რომ ებრაელი ვარ, ისინი თვალს ადევნებენ ჩემს ინსტაგრამ-გვერდს, იციან, რას ვაკეთებ…“ – ამბობს ლენა, გერმანიის უნივერსიტეტებში ებრაელ სტუდენტების მდგომარეობის აღწერისას.

თუმცა, ის არ არის ერთადერთი სტუდენტი, ვინც ებრაული წარმომავლობის გამო, FAU-ში მტრობას აწყდება. ნიურნბერგის უნივერსიტეტის ანტისემიტიზმის განყოფილების თანამშრომელი, რომელიც სამსახურში ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმამდე დიდი ხნით ადრე მიიღეს, ამ ცოტა ხნის წინ ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლი გახდა, რომლის დროსაც მის ფოტოზე სიძულვილით სავსე მინაწერები გაჩნდა. „ოქტომბრის დასაწყისში ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, FAU-ში გამოჩნდა მიკერძოებული, ძლიერი ანტიისრაელური განწყობის შემცველი კომენტარები და განცხადებები“, – განუცხადეს „ბაიერიშერ რუნდფუნკს“ (BR) უნივერსიტეტში.

ანტისემიტიზმთან ბრძოლის კომისარი: არა წარმოსახვითი დაუცველობა, არამედ რეალური საფრთხე

ქალაქ ბამბერგში ანტისემიტიზმთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი პირის, პატრიკ ნიცშეს თქმით, გერმანიის უნივერსიტეტების ებრაელი სტუდენტები რეალური საფრთხის წინაშე დგანან. ეს მხოლოდ თავდაჯერების გრძნობის არქონა არ არის. თუმცა, ნიცშე მაინც ხედავს შანსებს,რომ ასეთ მტრობას სათანადო ზომებით დაუპირისპირდეს და ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც „დაწესებული ზღვრის გადალახვა“ თვალშისაცემი იქნება. „ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტუდენტური კოლექტივის მიერ იმ ვალდებულების ნებაყოფლობით აღება, რომლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ანტისემიტური ქცევისთვის სტუდენტების ან პერსონალის დასჯა სხვადასხვა ზომით, სწავლის შეჩერებით დაწყებული და გარიცხვით დამთავრებული“, – აცხადებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომისარი.

ებრაელი სტუდენტური წყვილი, ლენა და ფრედი ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას ცდილობენ. თავიანთი ებრაული სიმბოლოს – დავითის ვარსკვლავის ყელსაბამის – მოხსნა, რა თქმა უნდა, არ სურთ. „მე მას თერთმეტი წელია ვატარებ და მისი მოხსნა არასდროს მიფიქრია“, – ამბობს ფრედი.

წყარო: 1tv.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share