პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 0 იყო.
კანონპროექტის ინიციატორი შალვა პაპუაშვილია, რომელმაც მანამდე განმარტა, რომ ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა.
რას ითვალისწინებს დოკუმენტი:
- პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი [არსებული ხელფასი: 6 740 ლარი];
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი [არსებული ხელფასი: 6 400 ლარი];
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი [არსებული ხელფასი: 6 340 ლარი];
- კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი [არსებული ხელფასი: 5 540 ლარი];
- კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი [არსებული ხელფასი: 4 800 ლარი];
- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი [არსებული ხელფასი: 4 740 ლარი];
- პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8250 ლარი [არსებული ხელფასი: 4 624 ლარი].
აქვე, ინიცირებულ კანონპროექტში დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ფულადი დახმარების საკითხიცაა განხილული. დოკუმენტში წერია ისიც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი უფლებამოსილების განხორციელებისას შშმ პირად იქნება აღიარებული:
- “თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.
- პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
- პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით “, – წერია კანონპროექტში.
კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ დეპუტატებისა და საპარლამენტო თანამდებობის პირების
ხელფასების ზრდა საქართველოს ბიუჯეტს წლიურად 5.7 მილიონი ლარი დაუჯდება.