მე ვარ ქეთი გაჩეჩილაძე, 37 წლის, იურისტი ადამიანის უფლებებისა და სისხლის სამართლის მიმართულებით.

მუშაობა დავიწყე სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციის მიმართულებით. თავიდან ვმუშაობდი სამართალდამცავ სისტემაზე – პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, და ასევე, სასამართლო. ბოლო სამი წელი მხოლოდ სასამართლოზე და სასამართლოს დემოკრატიული რეფორმირების საკითხებზე ვიყავი ფოკუსირებული. საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას ვიკვლევდი, იმ გამოწვევებს, რაც სასამართლოში არსებობს – როგორც კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, ასევე პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს. ვწერდით მოკლე სამართლებრივ სტატიებს პოპულარულ ენაზე, რომ ფართო საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა ხმა და მათთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაცია სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ქართული სასამართლოს პრობლემები ახლა არ დაწყებულა და წარსულიდან იღებს სათავეს. პოსტსაბჭოთა საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სასამართლო რეალურად არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, ის ყოველთვის ემსახურებოდა პარტიულ ინტერესებს და იყო ხელისუფლების რეპრესიების ინსტრუმენტი, შესაბამისად, საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა და სასამართლოს მიმართ ნდობა, მისი რეპუტაცია და ავტორიტეტი ძალიან დაბალია. სრულიად სამართლიანადაც, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ეს იყო ძალიან მძიმე ფორმის კორუფცია სასამართლოში, რაც ძირს უთხრიდა სამართლიან მართლმსაჯულებას. საუბარია პირდაპირ ქრთამის მიცემასა და აღებაზე, რაც ნაციონალების დროს მეტ-ნაკლებად მოგვარდა, მაგრამ მერე სხვა პრობლემები წარმოიშვა. საქართველოში არცერთ ხელისუფალს არ აღმოაჩნდა იმის პოლიტიკური ნება, რომ სასამართლოს რეალური რეფორმა და დემოკრატიზაცია მომხდარიყო; ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო იმის ცდუნებას, რომ სასამართლო არ ჩაეყენებინა თავის პარტიულ ინტერესებში, და ეს გამოჩნდა ყველა ხელისუფლების მოსვლიდან ძალიან მალე, როდესაც მათ დაიწყეს ზედაპირული და ფასადური რეფორმების გატარება. შესაბამისად, ღრმა პრობლემები რჩებოდა და ამ ზედაპირული რეფორმებით იფუთებოდა ხოლმე.
დღეს სასამართლოს უამრავი პრობლემა აქვს: არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ხელისუფლებისგან, სასამართლოში არის კლანური მმართველობა, ძალიან ბევრი არაფორმალური გავლენაა და ძალიან მყიფეა მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიები. პრაქტიკულად, ინდივიდუალურ მოსამართლეს დამოუკიდებლობის გარანტიები აღარ დარჩა, არც საკანონმდებლო, არც ფორმალური და არც არაფორმალური; ის გახდა ძალიან მოწყვლადი პოლიტიკური ზეგავლენების მიმართ და ასეთ მდგომარეობაში მოსამართლეს ძალიან დიდი გამბედაობა და სერიოზული მედეგობა სჭირდება, რომ ამას გაუძლოს. სამწუხაროდ, ეს გამბედაობა მოსამართლეების ძალიან მცირე ნაწილს შეიძლება აღმოაჩნდეს, უმრავლესობა პოლიტიკურ გავლენებს ვერ უძლებს და ემსახურება პარტიულ ინტერესებს. აქ, ბუნებრივია, სამართლიანობაზე საუბარი ვეღარ გვექნება.
ერთი წლის წინ, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ საგარეო კურსს გადაუხვია. მან მოატყუა არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ,,ქართული ოცნებისთვის’’ ხმა არ მიუცით, არამედ თავისი ამომრჩევლებიც. მე მჯერა, რომ მათ პროევროპული ამომრჩევლებიც ჰყავთ – ადამიანები, რომლებსაც გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ ,,ქართული ოცნება’’ მართლაც ღირსებით მიდიოდა ევროპისკენ. მან მოატყუა ეს ხალხი, როდესაც ღიად და აშკარად აღმართა რკინის კედელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. როდესაც ამან საზოგადოების ძალიან მძაფრი რეაქცია და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია, პროტესტის ჩახშობის ძალიან ბრუტალურ და ამორალურ გზებს მიმართეს, დაწყებული მძიმე ძალადობიდან, დამთავრებული -შეკერილი სისხლის სამართლის საქმეებითა და პოლიტიკური დევნით. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამ სასამართლო პროცესებს თუნდაც ერთხელ დაესწრო, მოუსმინო ცრუ მოწმეებს და მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და ცხადად არ დაინახო, ერთი მხრივ, სასამართლოს პრობლემები და, მეორე მხრივ, ხელისუფლების ეს ამორალური სურვილი – ნებისმიერი გზით ჩაახშოს პროტესტი, დააშინოს ადამიანები და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაუქვემდებაროს ყველა, ვინც გაბედავს და ხმას აიმაღლებს მათი პოლიტიკის წინააღმდეგ.
თუმცა ეს ერთი წელი არა მხოლოდ დანაკარგით, შენაძენითაც სავსე იყო – ძალიან ბევრი საოცარი, მამაცი, კეთილშობილი, კეთილგონიერი და პატრიოტი ადამიანი დავინახე. ერთმანეთი დავინახეთ ადამიანებმა. ძვირფასი მეგობრები შევიძინე, რომლებსაც მჭიდროდ ჩავკიდე ხელი და ვფიქრობ, მთელი ცხოვრება აღარ გავუშვებ.
ჩვენი ღრმა რწმენა, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და გულწრფელად ვიბრძვით სამართლიანობისთვის, გამარჯვების იმედს მაძლევს. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი სახელმწიფოს შექმნისთვის, სადაც ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება და ყველას ექნება განვითარების შესაძლებლობა. ეს არ არის უბრალოდ ოპტიმიზმი, ეს არის ისტორიული კანონზომიერება – თავდადებული ბრძოლა სამართლიანობისთვის, შეიძლება გვიან, მაგრამ ყოველთვის იღებს შედეგს.
შეუძლებელია, ამ თავდადებასთან და მიზნის ერთგულებასთან ბოროტებამ გაიმარჯვოს, თუნდაც დიდმა ფინანსურმა კაპიტალმა.
აქეთ მხარეს არის სინათლე და სიყვარული.
საქართველოს იმიტომაც არ უწერია დამარცხება, რომ ისეთი ადამიანები გვყავს, რომლებიც ამ ქვეყანას არ მისცემენ უფლებას, დაეცეს. ძალიან ბევრი ადამიანის მჯერა, რომლებიც იბრძოლებენ ბოლომე, გამარჯვებამდე.
———————————————————————








