სტიქია თბილისსა და რეგიონებში – ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით უმძიმესი მდგომარეობაა. ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. კახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან მოგლეჯილი რკინის კონსტრუქცია მამაკაცს დაეცა და ადგილზე მოკლა.
თელავში სახლები სახურავების გარეშე დარჩა. თბილისში კი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც კორპუსიდან ჩამოვარდნილი შუშა დაეცა. ჯერჯერობით ზარალის დათვლა ვერ ხერხდება.
მოულოდნელად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა რამდენიმე წუთში დედაქალაქის სრული პარალიზება გამოიწვია. არ დარჩენილია თბილისში უბანი, რომელსაც სტიქიამ არ გადაუარა.
სახლებს ქარმა სახურავები გადახადა, მოგლეჯა ხეები, დააზიანა ათეულობით ავტომობილი. ქუჩები სავსეა სამშენებლო მასალებით და კორპუსების აივნებიდან გადმოყრილი ნივთებით. დედაქალაქის მასშტაბით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო გლდანსა და ვაგზლის მოედანზე, სადაც ძლიერმა ქარმა რკინის ბილბორდები მოგლიჯა.
რა ხდება ამ წუთებში თბილისსა და რეგიონებში? – სტიქიის შესახებ ბოლო ცნობებს გუგა არჩვაძის ჩართვიდან