2012, 2018, 2023 – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სამჯერ მოვიდა, ორჯერ წავიდა და ორჯერ დაბრუნდა – ორივეჯერ პარტიულ თანამდებობაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე.
ამ წასვლა-მობრუნებების განმარტებისას მიზეზად სახელდებოდა განსხვავებული საბაბები, მიზნები თუ მოლოდინები. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ექსპერტების უმრავლესობას კი, ქვეყნის შიგნით თუ მის საზღვრებს გარეთ, არასდროს დაუჯერებია, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე პოლიტიკიდან წავიდა და ძალაუფლება დათმო.
2023 წლის მიწურულს, პარტიის ყრილობაზე მოულოდნელად გამოჩენილმა ბიძინა ივანიშვილმა თავადვე თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ის რჩევებს პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ წასვლის შემდეგაც აძლევდა და ეს რომ არ გაეკეთებინა – „პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა“.
ბოლო წლებში ოლიგარქად მრავალგზის წოდებულმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში კვლავ შემობრუნების საჯარო განაცხადი 30 დეკემბერს გააკეთა, ერთ-ერთი ვერსიით – არაფორმალური მმართველობის შესახებ დისკუსიების დასასრულებლად და ოლიგარქის სტატუსთან გასამიჯნად. თუმცა პოლიტიკის ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ამ მიზნების მიღწევა იოლი არ იქნება.
მოსვლა-წასვლა #1
ფაბრიკა-ქარხნების ამუშავება, ყველასთვის სამყოფი სამუშაო ადგილების შექმნა, „უფასო ფულზე“ ხელმოსაწვდომობა, სამართლიანობის აღდგენა და სხვა მრავალი ასეთი დაპირებით ბიძინა ივანიშვილი, მის მიერ შექმნილი „ქართული ოცნების“ კოალიციასთან ერთად, ქვეყნის სათავეში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა დაასრულა.
მილიარდერმა ბიზნესმენმა პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პოსტები დაიკავა, მაგრამ წინასწარვე თქვა, რომ პოლიტიკიდან მალე წავიდოდა.
ეს პირობა მან 2013 წლის ნოემბერში შეასრულა და ორივე პოსტი – პარტიაშიც და მთავრობაშიც, ირაკლი ღარიბაშვილს გადააბარა. 2015 წელს, ღარიბაშვილიც, ბოსის მსგავსად, დროებით გავიდა პოლიტიკური სცენიდან – ორივე პოსტი, თქვეს, რომ საკუთარი ნებით დატოვა.
2013 წელს, პირველი წასვლა, ივანიშვილმა ასე ახსნა: მან ჩამოაყალიბა „საუკეთესო გუნდი“, ქვეყანას საიმედო ხელში ტოვებს, ხოლო თავად დარჩება „აქტიურ მოქალაქედ“ და მთავრობის საქმიანობას გარედან გააკონტროლებს. მისი სიტყვებია ასევე, რომ – „ქართული ოცნება“ „არ უნდა იქცეს სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილ პარტიად“.
მოსვლა-წასვლა #2
ბიძინა ივანიშვილი 2018 წელს დაბრუნდა, მაგრამ არა ხელისუფლებაში, არამედ თავის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებაში“.
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ის 2018 წლის 11 მაისს დაამტკიცეს, პარტიის მეხუთე ყრილობაზე, როცა მან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაანაცვლა. კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარე 2016 წლის მაისში გახდა, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ.
„ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა… ჩვენი სახელმწიფო განვითარების ფონზე დადგა აუცილებლობა, გავაძლიეროთ პარტია და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს“, – თქვა 2018 წლის აპრილის მიწურულს, ბრიფინგზე, გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკაში მეორედ მოსვლის მიზეზებად, თავად ივანიშვილმა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოპონენტების „უკიდურესად დესტრუქციული მუხტი“ და ხელისუფლების შიგნით არსებული „დამაზიანებელი გაუგებრობები“ დაასახელა. თუმცა უკვე მესამედ მოსულმა, 2023 წლის 30 დეკემბერს გაიხსენა, რომ – 2018 წელს პარტია დაშლის პირას იდგა.
ქვეყანაში მკვეთრი ცვლილებების აუცილებლობაზე საჯარო ლაპარაკი ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა პირველი ტურის შედეგმა „ოცნებას“ იმედები უკიდურესად გაუცრუა. პარტიის ლიდერმა, მაშინ, სახელისუფლებო კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ განაწყენებულ ხალხსა და „ძველ გვარდიასაც“ მოუწოდა.
2021 წლის იანვარში ივანიშვილი ისევ წავიდა.
11 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ის პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ წასვლას იუწყებოდა და „ყველაზე მნიშვნელოვან სამომავლო ოცნებად“ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლას ასახელებდა.
ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მხოლოდ პირადი ხასიათის კომუნიკაციასა და დაბადების დღეების მილოცვის შესაძლებლობას დაიტოვებდა. „მე სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყოველგვარი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე“, – თქვა მან „პირველ არხთან“ ინტერვიუში, 2021 წლის იანვარში.
ხოლო 2023 წლის დეკემბერში, როცა პოლიტიკაში მესამედ მოვიდა, ივანიშვილმა თქვა, რომ „პარტიის 2-3 ლიდერთან ჰქონდა კომუნიკაცია“, „რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს“ და, რომ ეს „ჩვეულებრივი მოვლენაა“.
მოსვლა #3
2013 წლის 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილი პარტიის მე-7 ყრილობაზე მოულოდნელად გამოჩნდა, თქვა, რომ – დაბრუნების გადაწყვეტილება თავად მიიღო და შესაბამისი წინადადებითაც თავად მიმართა „ქართულ ოცნებას“.
30 დეკემბერს, ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ითქვა, რომ მთავარი პოლიტიკური მრჩევლის როლს შეასრულებს.
ივანიშვილის განმარტებით, ის „სიმძიმის ცენტრის მისიის“ შესრულებას გეგმავს და გუნდის ცდუნებებისგან, მათ შორის – კორუფციული ცდუნებისგან დაცვას აპირებს – ეს იმ პირობებში, როცა ის ოპოზიციას უკვე „განადგურებულად“ თვლის.
ივანიშვილის წონა
„ქართულ ოცნებაში“ იმეორებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ 30 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე დასმულ აქცენტებს და აღიარებენ, რომ შველა ნამდვილად სჭირდებოდათ. ივანიშვილის გამოჩენამდე „ოცნების“ ხელისუფლება თავის უნაკლო და წარმატებულ მმართველობას ხშირად უსვამდა ხაზს.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩამოთვალა მიმართულებები, სადაც ის ივანიშვილის დახმარების საჭიროებას ხედავს და მოელის კიდეც:
„ბევრი მიზანი გვაქვს ერთდროულად შესასრულებელი: თან სწორად უნდა ვიაროთ დეოკუპაციის გზაზე, რომ აქ შეცდომები არ დავუშვათ და შერიგების, მშვიდობის გზით [ვიაროთ]; შემდეგ – ეკონომიკური განვითარება, რაც ერთ-ერთი მთავარი საფუძველია მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევის; ასევე ჩვენ უნდა ვიაროთ ევროკავშირის გზაზე, რომ რეფორმებით, განხორციელებული ნაბიჯებით მათთვის მისაღები გავხდეთ… ასევე გამოწვევაა – სუვერენიტეტი, ეროვნული საკითხები – ეს ყველა და სხვა პრიორიტეტები ერთად არის ურთულესი შესასრულებელი… ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა, ბუნებრივია, ფასდაუდებელია“, – მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „არის სხვა ლიგის მოთამაშე“ და „არის სხვა წონით კატეგორიაში პოლიტიკაში“.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ წერტილი დაუსვა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებით, ოლიგარქის სტატუსს ვერ აარიდებს თავს.
ხმალაძის განმარტებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მთავარი მრჩეველი არ არის უფლებამოსილი პირი – მიიღოს გადაწყვეტილებები ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
„ზოგადად, პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მრჩევლის რჩევები პარტიამ შეიძლება მიიღოს ან არ მიიღოს, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ პარტიაში ვინმემ არ მიიღოს ივანიშვილის რჩევები. ივანიშვილის რჩევა იგივე დავალებაა… პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა და მრჩევლობა სახელმწიფო თანამდებობა არ არის… პარტიის არცერთ თანამდებობის პირს არა აქვს სახელისუფლებო უფლებამოსილება, თუკი მას არ უკავია სახელისუფლებო თანამდებობა [საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში]“, – ამბობს ხმალაძე და ამატებს, რომ „ოლიგარქი არის პირი, რომელიც გავლენას ახდენს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე“ ხოლო „გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენის უფლება არა აქვს პირს, რომელსაც ეს უფლება არა აქვს მინიჭებული კონსტიტუციითა და კანონით“.
სისტემური დეოლიგარქიზაცია რჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგ ეტაპზე [გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე] გადასვლის ერთ-ერთ პირობად.
ევროკავშირში გაწევრიანება რომ საქართველოს მთავარ საგარეო-პოლიტიკურ მიზნად რჩება, თავად ივანიშვილმაც თქვა 30 დეკემბერს, როდესაც განმარტა, რომ ამ და სხვა მიზნების მიღწევაში მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან ხელისუფლების მრჩეველი ხდებოდა.
ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები აუცილებლად აღსრულდება, მაგრამ მას ექნება ასევე კომფორტი, რომ – შედეგებზე პასუხისმგებლობა არა მას, არამედ უშუალო აღმსრულებელს დაეკისროს, რადგან, ფორმალურად, ის მხოლოდ მრჩეველია.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ახალი პოზიცია და გეგმები – რჩევები მისცეს ხელისუფლებას – არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს. თუმცა დასძენს, რომ „ეს არ არის [მმართველობის] კარგი პრაქტიკა“ და „ჯანსაღი და საუკეთესო ვერსია“, რადგან „ვისაც რეალური ძალაუფლება აქვს, ის შესაბამის თანამდებობასაც უნდა იკავებდეს“.
მენაბდე ამბობს, რომ, ზოგადად, „თანამედროვე წარმომადგენლობითი ლიბერალური დემოკრატიის კონცეფციის“ მიხედვით, მმართველ პარტიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მმართველობის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და „შემდეგ ამ გადაწყვეტილების სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ განხორციელება დაევალოთ შესაბამის თანამდებობის პირებს“.
პოლიტიკურ დისკუსიებში ივანიშვილის შემობრუნების მიზეზებად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ:
- მომავალი საპარლამენტო არჩევნები – მმართველ პარტიას სურს, რომ არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიოს, რათა დიდი სხვაობით გამარჯვება სადავო აღარ გახდეს და პარალელურად – იოლად შეძლოს მთავრობის დამოუკიდებლად შექმნა პარლამენტში;
- მკაფიო პოლიტიკური ხაზების გავლება – მათთვის, ვისაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არ მოსწონდა, ივანიშვილმა უთხრა, რომ – მმართველ პარტიასთან ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოსთან დაპირისპირება პირადად მასთან – ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაა;
- საგარეო-პოლიტიკური ფაქტორები – მაგალითად, ზეწოლა რუსეთიდან, რომ გადაიდგას მოსკოვის ინტერესების შესაბამისი ნაბიჯები საქართველოში.
როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში პირველად მოვიდა, მასთან დაკავშირებული მთავარი იმედი კეთილდღეობას უკავშირდებოდა. ივანიშვილის ამ ბოლო დაბრუნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მომხრეები ამგვარ მოლოდინზე აღარ ლაპარაკობენ.
„ამის უკვე აღარავის აღარ სჯერა. თუკი კეთილდღეობის მოტანა უნდოდა, თავიდანვე უნდა მოეტანა, ხომ?! 11 წლის მმართველობის შემდეგ იმის თქმა, რომ ის კეთილდღეობას მოიტანს – რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არადამაჯერებელი და სასაცილო იქნებოდა“, – ეუბნება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას. მისი შეფასებით, ივანიშვილი პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი ინტერესების კარნახით დაბრუნდა, „პოლიტიკური იმუნიტეტისთვის“, მათ შორის – „სანქციების მოლოდინის“ საკითხის მოსაგვარებლად.
სხვადასხვა დროს ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მაღალი რეიტინგით არ გამოირჩეოდა.
- 2023 წლის აპრილი – „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებით, პერსონალურ რეიტინგებში ბიძინა ივანიშვილზე (35%) წინ იყვნენ: დედაქალაქის მერი, კახა კალაძე (52%), პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი (48%), პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი (43%). ოპოზიციიდან მას უსწრებდნენ გიორგი გახარია – 36% და მიხეილ სააკაშვილი – 36%. ამ კვლევაში პირველ ადგილს იკავებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე – 91%.
- 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ისევ IRI კვლევის რეიტინგებით, ბიძინა ივანიშვილი 36%-იანი მაჩვენებლით იყო კათოლიკოს-პატრიარქის – 88%; კახა კალაძის – 51%; ირაკლი ღარიბაშვილის – 44%; ანა დოლიძის – 40%; სალომე ზურაბიშვილის – 38%; დავით უსუფაშვილის – 38%; ნინო ლომჯარიას – 38%; გიორგი გახარიასა – 37% და გიორგი ვაშაძის – 37% შემდეგ.
რადიო თავისუფლება