ბახმაროს ხიბლი თუ შვეიცარიული ზამთრის კურორტი? – “ორბი” ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს

“ორბი” ბახმაროში ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი მიესალმება ცვლილებებსა და განვითარებას, არსებობს უამრავი რაციონალური და ლოგიკური არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დამსვენებლებს ბახმაროს “ბაკურიანად” ქცევა არ სურთ.

სანამ უშუალოდ პროექტის შესახებ ვისაუბრებდეთ, გაგაცნობთ ჩოხატაურის მერის, დათო შარაშიძის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

“ბახმაროს ახალი სიცოცხლე. მომავლის ბახმარო. ორბი ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს”

ამავე საკითხს ეხმაურება ჩოხატაურელი დავით საჯაიაც, რომელიც წლების განმავლობაში ა(ა)იპ ბახმაროს დირექტორი იყო:

”დღეს, როცა ბახმაროს განვითარების ახალი პერსპექტივა გაჩნდა, მინდა ჩემი პოზიციაც გამოვხატო და ვთქვა, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტს არ ჰქონია. პროექტის მასშტაბურობა და ამბიციურობა კი, როგორც მოსალოდნელია, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ეს არც არის გასაკვირი. მთავარია სწორედ განვსაჯოთ, გავაანალიზოთ და შევაფასოთ.”

ინვესტორებისა და ადგილობრივი მმართველობის აზრი გასაგები და მეტ-ნაკლებად მისაღებია, თუმცა დღეს არა ბახმაროს, როგორც ტურისტული ზონის, არამედ როგორც მყუდრო და საოცარი ადგილის შესახებ ვისაუბროთ, რომლის დათვალიერებაც ულიმიტო შთაბეჭდილებებისა და ემოციების გარეშე შეუძლებელია.

სანამ ამ ადგილს უშუალოდ საკუთარი თვალით ვნახავდი, ბავშვობიდან მესმოდა “ლეგენდები” დაუსრულებელი საღამოების, გართობის, მუსიკისა და კოცონების შესახებ, რომელიც თითოეული თითქმის დანგრეული ქოხის წინ ენთო, თუმცა ადგილზე ჩასულს კიდევ უფრო შთამბეჭდავი სანახაობა დამხვდა.

ბახმარო არის ადგილი, რომელიც აერთიანებს უამრავ ახალგაზრდა, მხიარულ, გართობისა და დასვენების მოყვარულ ადამიანს, მოხუცებს, რომლებიც აქ დასასვენებლად შვილიშვილებთან ერთად მოდიან და დედებს, რომელთათვისაც ბახმაროს გამორჩეული ჰავა და კლიმატი ყველა სხვა კურორტზე უფრო მაღლა დგას.

ცხენები, დოსტები, ტროსტი, რომელზეც აქ გაცნობილი ადამიანების ხელმოწერებსაც ვაგროვებთ, კოცონი და მთის ბუნებრივი პირობები არის სწორედ ის რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ამ ადგილას ვბრუნდებით.

ბახმარო არ არის შვეიცარია, არც რომელიმე სხვა, ისეთი ქვეყანა, რომელსაც მრავალსართულიანი ბეტონის შენობები, გასართობი ზონები, დაუსრულებელი მშენებლობები და ხმაური უხდება. ამ კურორტის მთელი ხიბლი მის სიმარტივეშია: ტყით გარშემორტყმული ხის კოტები – ზუსტად ისე, როგორც “დისნეის” რომელიმე ფერად ზღაპარში.

ახლა წარმოიდგინეთ, ადგილი, სადაც მეგობრებთან ერთად დასასვენებლად მიდიხართ, სადაც შეგიძლიათ ქუჩაში ხალათითა და პიჟამოებით სიარულიც კი, რადგან აქაურობა ერთ დიდ ოჯახს ჰგავს და არა შენი გარეგნობითა და ჩაცმით, არამედ მხოლოდ ხასიათებით გაფასებენ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს კომპლექსების, კორპუსებისა და სხვა მსგავსი ნაგებობების თანხლებით?

რამდენად შეიძლება დაამახინჯოს კურორტის ძველებური იერსახე და ხიბლი პროექტმა, რომლის აშენებაშიც “ორბი” ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს?

ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, აუცილებელია საკურორტო ზონების განვითარებაც და ტურისტული ზონების მოწყობაც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რომ ფასებს, რომლებიც მომავალში კვლავ “ორბის” და მსგავსი კომპანიების მიერ განისაზღვრება, ტურისტების გარდაც რომ გაწვდეს ვინმე.

საბოლოო ჯამში, მივიღებთ ბახმაროს, რომელიც არაფრით იქნება განსხვავებული გუდაურის, ბაკურიანის და სხვა ზამთრის კურორტებისგან, დაიკარგება ის მთავარი ხიბლი, რამაც ეს ადგილი ასე ძალიან შეგვაყვარა და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ ყოველივეს “სავარაუდოდ” შეეწირება როგორც ბახმაროს ეკოლოგია, ასევე მისი მუდმივი, ადგილობრივი დამსვენებლებიც.

ცალკე საკითხია, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, საიდან ხდება სამშენებლო მასალის მიღება და როგორია გეოლოგების აზრი ამ პროექტთან დაკავშირებით.


წყარო –  Art FAS

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share