ბახმაროში “ორბი ჯგუფის” მიერ დაგეგმილ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება ვახუშტი მენაბდე და წერს:
”1896 წელს ბახმარო ოფიციალურად ცხადდება კურორტად. მაშინ იქ სულ რამდენიმე სახლი იდგა და “ბახმაროს კოოპერაციული საზოგადოება” მართავდა. აქედან 128 წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ბევრი დავუშავეთ იქაურობას. დღეს ბახმარო მართლაც არ არის კარგი სანახავი, ცუდად დაგეგმილი მშენებლობები, დანგრეული შენობები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ბუნების სილამაზის აღსაქმელად გონებისა და მხედველობისთვის ფილტრის დაყენება გიწევს. გაუგებარი ჩანართები საჭიროა გამორიცხო. მაგრამ ისე არ არის, რომ ვერ ეშველოს, ეს არეულობა ვერ მოწესრიგდეს.
მაგრამ უარესიც შეგვძლებია. რამდენიმე დღის წინ ზარზეიმით გვაცნობეს, რომ ბახმაროში დიდი სასტუმრო კომპლექსი შენდება. კომპანია “ორბი” (იხ. ბათუმი) იწყებს დიდ პროექტს 4 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რომელიც მთავრობისგან 1 ლარად (sic!) გადაეცა 2019 წელს.
ბათუმი უკვე ვახსენე და ეს ვითომ განვითარებისკენ, სინამდვილეში კი გარემოს განადგურების ხარჯზე ერთეულების კიდევ უფრო გამდიდრებისკენ, მიმართული მშენებლობა, გაგრძელებაა იმისა, რასაც ვხედავთ თბილისში ბევრი წელია, რასაც ვნახავთ მალე ლაგუნასთან ან ვერეს ხეობაში, რაც დამართეს ბაკურიანს. ამას ვეღარ ეშველება.
სიტყვა “განვითარება” განადგურების სინონიმად აქცია ჩვენმა სახელმწიფომ. საერთო სიმდიდრე ცალკეული კომპანიების ინტერესებს ეწირება. სიხარბე და ეგოისტური მიზნები – ახლა ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.” – წერს მენაბდე.