”ავთო ბიძია ნოქარი იყო, ჭანჭათში უნივერმაღი ებარა და დილიდან საღამომდე დახლში იდგა. სასურსათო, სამეურნეო და სამრეწველო საქონლითაც ამარაგებდა კაი ხელა მაღაზიას.
ავთო ღლონტი გურიაში, ცოტა გურიის იქეთაც განთქმული მონადირე და მოთევზავეა. ხშირად სტუმრობდენ ნანადირევზე და ცოცხალ თევზზე საქეიფოდ. დიდ ეზოში, კვიჭიჭა მსხლის ძირში იყო სულ პუტვა, ტყავება, აჩარიქება და სტუმრისთვის სამზადისი.
ბაღნები ვბაძავდით როგორც გამოგვდიოდა. ნანაიამ, მაჩიამ და მე ერთი, ზაფხულის ცხელ დღეს ღელის წყალი გადავაგდეთ, გუბე დავწურეთ ნასუფსარაზე და ოი საოცრებავ, 75 ც მტკავლიანი, ვერცხლივით აბზიალებული კარასი ამოვხიკეთ, შინ ძვლივს მოვიყვანეთ ვედრით და კოტე ბაბუას დიდ საარყე ქვაბში გავუშვით. დილაობით ჭის ცივ წყალს ვამატებდით ქვაბში და იყვენ მშვენივრად.
დაღლილი მოვიდა ბიძია მაღაზიიდან, ტანზე ჯერ არ გაეძრო შვიდი უცხო კაცი ჩამოლაგდა ეზოში, ნანადირევზე ან თევზზე საქეიფოდ მოსულებს ჰგავდენ. დეიდამ ქუხნასახლიდან ისე გაუქნია თავი ბიძიას ჩვენც მივხდით მაცივარში თევზის სახსენებელიც არაა, კურდღელს, მწყერს და ამისთანობებს ჯვარი სწერია. რაღა ექნა ბატონ, ბიძია ავთანდილს, განზე გაგვიხმო და შემოგვეხვეწა:
-არიქა მიშველეთ ბაღნებო, არ მომჯაყოთ, მომეცით თქვენი თევზები, მაგიორში ხვალე წაგიყვანთ წყალზე სამივეს ბადით, ორჯერ 75 ცალს დაგიჭირავთ და ჩაგასესხებთ. ნამეტარი მაცდური სიტყვა იყო, შეველიეთ და მივუთვალეთ სიმწრით დაჭერილი 75 ცალი კარასი. გვიანობამდე იხორხოცეს და ილხინეს ბიძიამ და უცხო კაცებმა. ჩვენ ჩვენი დაჭერილი თევზი წამლად არ გვიხილავს რასაკვირველია, ყველა შთანთქეს.
მეორე დღესაც დაღლილი და თან მძიმედ ნაბახუსევი დაბრუნდა ბიძია ჭანჭათიდან. ვინ აცალა ეზოში შემოსლა, ჩამოვეკიდეთ კისერზე, არ გავართვით საშველი, ვალი გვაქ ამოსაგები 150 ც თევზი უნდა დაგვიჭიროს ბადით. ჩავედით წყალზე, გეიქნია ერთი ღონიერად სუფსის გამბულა ბოგასთან, მოქაჩა ამოიყვანა სამი მომცრო წვერა, ჩავიდეთ ტილოს ჩანთაში, ვიყვირეთ ერთხმად სამიიიიიი..
კიდევ უფრო ღონივრად მოიქნია, გაიშალა ბადე, ამჯერად 2 ც ღორჯო ამოყვა, ვიყვირეთ ხუთიიიი.. ბიძიას ნერვებს ვუშლით მარა ვინ გაახარებს? ვალი გვაქ ამოსაგები 150 ც თევზი.. მუხლამდე ჩადგა წყალში და ნამქერში ისროლა, ქაჩავს, ძნელად მოდის, მოსწია, მოსწია და სასწაული თუ გინდა ნახევარ მეტრზე რა დააყენებს, მეტი თუ არა 3 კილოიანი წვერა არ გახლართულა ბადეში? გადაირია კაცი, “ამფერი ბაღნებო თქვენხელობას მერე აღარ მინახავს, აი რა დეინახა კაცის თვალმა, უსვარსვალებს ხელს ლაყუჩებზე, ჩვენ ვდუმვართ. ძვლივს ჩავსვით თევზი ტილოს ჩანთაში და ვიყვირეთ ექვსიიიიიი. ცალობაში მივითვალეთ 3 კილოიანი წვერა. იმ დღეს ათამდე ძვლივს ავედით.
დღევანდლამდე ვალშია ნანაიასთან, მაჩიასთან და ჩემთან ავთო ბიძია. მას რომ ჰკითხო კაი ხნის გასტუმრებული ვყავართ მარა სადაა მასე? სიტყვა სიტყვაა!!!” – წერს ზურა შერვადნაძე სოციალჯურ ქსელში.