აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ თუკი პარტიები ყველაზე წინ საქართველოს ინტერესებს დააყენებენ, კრიზისის გადალახვა შესაძლებელი გახდება. კერძოდ, ელჩი საუბრობს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე, სიღარიბესა და უმუშევრობაზე და ამბობს, რომ მათი გადაჭრის აუცილებლობა პარტიებს “პარლამენტში შესვლისკენ უბიძგებს”. ამის შესახებ კელი დეგნანმა დღეს, 3 თებერვალს პარლამენტში ისაუბრა, სადაც თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
“ვფიქრობ, თუკი პარტიები ყველაზე წინ საქართველოს ინტერესებს დააყენებენ, პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. ქართველი ხალხი ბევრი გამოწვევის წინაშეა, აწუხებთ სამუშაო ადგილების, მაღალი ფასების, სიღარიბის საკითხები. NDI-ს კვლევის მიხედვით, 75%-ზე მეტმა თქვა, რომ სურთ მათმა არჩეულმა პარლამენტის წევრება ერთად და პარლამენტში იმუშაონ ამ საკითხებზე.
იმედია, პარტიები ამას დაუფიქრდებიან, როცა დაპირისპირების დაძლევის სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავენ. ვფიქრობ, პარტიის ლიდერები ქვეყნის ინტერესს ყველაზე წინ დააყენებენ, მოუსმენენ საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც ამბობს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია. საუბარია მაღალ ფასებზე, სამუშაო ადგილებზე, სიღარიბეზე, კოვიდის ეკონომიკურ გავლენაზე. ვფიქრობ, ამ პრობლემების სასწრაფო გადაჭრის აუცილებლობა უბიძგებს პარტიებს, წავიდნენ კომპრომისზე, მიიღონ გადაწყვეტილებები და შევიდნენ პარლამენტში მუშაობის დასაწყებად.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ეს პარტიების ლიდერებზეა დამოკიდებული. ჩვენ ღია და ხელმისაწვდომი ვართ ყველა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ვისაც სურს, ეს სიტუაცია მალე მოგვარდეს”.