უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ მომავალ პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ქალები იქნებიან “დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით და არა – კვოტირებით”.
მდინარაძემ ეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა და კვლავ აღნიშნა, რომ ოცნება გირჩის ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
“ჩვენ გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც გარკვეული პოზიტიური დისკრიმინაცია, როგორც ამას ეძახიან ხოლმე, შეიძლებოდა, საჭირო ყოფილიყო. (თუმცა მე ამ ტერმინს ზოგადად არასდროს ვეთანხმებოდი ხოლმე, მაგრამ ვეთანხმებოდი მიდგომებს).
ჩვენ მართლები ვიყავით მაშინ, როდესაც კვოტირებაზე აღტყინებით ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ეს ქალების გაძლიერებას, მათი როლის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
გარკვეული დროის მონაკვეთში ეს ყველა ქვეყანას დასჭირდა და ასე მოიქცა საქართველოც, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა უფლებები, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმ დონეზეა ნამდვილად, რომ თავისუფლად, ნებისმიერი პარტიის ინიციატივას შეიძლება დავეთანხმოთ, რომ მათი აქტიურობა, ჩართულობა… ისინი უფრო აქტიურები არიან რიგ შემთხვევებში, ვიდრე ვთქვათ, ბევრი მამაკაცი და ა. შ. და ყველა მათგანს თავისი ადგილი ექნება დამსახურებისა და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით მომავალ პარლამენტშიც და თვითმმართველობის ორგანოებშიც.
აბსოლუტური უმრავლესობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”- თქვა მდინარაძემ.
გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. გირჩს სურს, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული.