ბესო მჟავანაძე: „მიხედეთ თქვენს საკარმიდამოს და საკარმიდამო მოგხედავთ თქვენ“

„ჯერ ვბარავ ნაკვეთს, შემდეგ ვაკეთებ კვალს, ყოველ 20 სანტიმეტრში ვათავსებ კარტოფილს პირდაპირ მიწაზე, მას თან ვურთავ ნაცარს, შემდეგ ვიღებ ბალახს და 60-70 სანტიმეტრზე ვადებ როგორც სიგრძეზე, ასევე, სიგანეზე. შემდეგ, მას არც გათხონა უნდა, არც მიწის შემოყრა, საერთოდ არაფერი, არც ბალახი ამოდის, მოსავლის აღების დროს არც ბარი მინდა და არც თოხი, მივალ, გავშლი ბალახს და როგორც „კრუხის“ ბუდეში არის კვერცხები ჩალაგებული, ასევე კარტოფილიც, ავაგროვებ და წამოვიღებ. დათესავ და მოდიხარ მხოლოდ მოსავლის აღებაზე, არც მორწყვა უნდა.  კარტოფილის მოსავალი მაქვს იმდენი, რამდენიც ჩემს ოჯახს ყოფნის. უნიკალური მეთოდია, მგონი ბელარუსში გამოიყენებენ, თივაც არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ გვიმრაც გამოიყენოთ” 

ბესო მჟავანაძე; გყრყლი ფერმერი:

 

ბატონი ბესო 75 წლის სპორტსმენია, მოჭიდავე. მიუხედავად ასაკისა, (ის, შეიძლება ასე ითქვას, დღემდე აქტიური სპორტსმენია), სულ რამდენიმე დღეში,  იგი ბელგიაში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატზე – ვეტერან მოჭიდავეთა შორის.

მსოფლიო ჩემპიონატი რეგულარულად იმართება, ბესო მჟავანაძე გასული ჩემპიონატის მეხუთე ადგილოსანია, აქედან გამომდინარე, მას, მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოპოვებული აქვს, რადგან წესების თანახმად პირველი ხუთეულის მოჭიდავეები ავტომატურად  იღებენ მომავალ პირველობაში მონაწილეობის უფლებას.

ბესო მჟავანაძე ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში  (ოქროს მუხურო)- ცხოვრობს. ის  ჰექტარზე მეტ ფართობს ფლობს.  ამ ფართობზე მას უამრავი კულტურა მოჰყავს, მაგრამ, გარდა პავლონიისა, კივისა, ციტრუსისა და თხილის პლანტაციისა, ყველა სხვა პროდუქციას, იქნება ეს ბოსტნეული, სოკო, სხვადასხვა ხილი, საკუთარი ოჯახის საჭიროებისამებრ იყენებს.

“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი”

 

იმის ნაცვლად, რომ ბატონი ბესო მსოფლიო ჩემპიონატის წინ ვარჯიშით იყოს დაკავებული, ჩვენ ფერმერი სასხლავით ხელში, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში დაგვხვდა.

„სოფელში არ დავბადებულვარ და გავზრდილვარ, მაგრამ ბოლო 15 წელია, აქ, ლიხაურში ვცხოვრობ. 2009 წელს მამა გარდამეცვალა. რომელიც აქ ცხოვრობდა. ვიყავი ქობულეთის გამგებელის მოადგილე, დავტოვე თანამდებობა, ქობულეთიც და მას მერე აქ ვცხოვრობ“ – ასე იწყებს „გურიის მოამბესთან“ საუბარს ლიხაურელი ფერმერი.

რედაქცია მას, „ბახვი ჰესის“ მიერ დაფინანსებული რუბრიკის – „სოფლის ცხოვრება-წარმატებული ფერმერები“ ფარგლებში,მის მშობლიურ სოფელში, მჟავანაძეების კარ-მიდამოში ეწვია.

რამდენიმე საათის განმავლობაში ვათვალიერებდით ჩვენ, მასპინძელთან ერთად, მის საკუთრებაში არსებული ათზე მეტ, პატარ-პატარა მეურნეობებს და ბატონი ბესოც დაუღალავად გვესაუბრებოდა თითოეულ კულტურაზე და მათ დადებით თვისებებზე:

„ალბათ, ინჟინერი რომ ვყოფილიყავი ან სხვა რომელიმე სპეციალობის წარმომადგენელი, ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. აგრონომი ვარ და მშობლიურმა მიწამ მომიზიდა. აქ ცოტ- -ცოტა ყველაფერია, რაც ოჯახისათვის მჭირდება, შემოსავალი ძირითადად, კივის, თხილის, ციტრუსისა და პავლონიას პლანტაციებიდან მაქვს. მაგალითად შარშან პავლონიის 12 ძირი გავყიდე. შემოსავალი კი, 3 200 ევრო მივიღე. თითო ძირი 6 წლის იყო.   რაც შეეხება ციტრუსს, მთლიანად გადავედი „საადრიო“ მანდარინზე, რადგან ჩვეულებრივი, რომელიც ნოემბერში მოდის 40 თეთრად იყიდება, ეს ჯიში კი, შარშან ერთი კილოგრამი 2 ლარად ჩავაბარე. სხვებსაც ამას ვურჩევ. სხვადასხვა იშვიათი ჯიშები მაქვს, ავოკადოს ნაირსახეობა პაუ-პაუ, კენკროვანი არტიშოკი, ოკრა, პავია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას მევენახეობას ვაქცევ, გავაშენე ჩხავერისა და საკმიელას ვენახი. ვფიქრობ საკმიელა გურული ღვინოების ჩემპიონია“.

ბესო მჟავანაძის ფერმერულ მეურნეობაში რამდენიმე საინტერესო პროდუქციის მოყვანის უნიკალურ მეთოდს გადავაწყდით. ერთ-ერთი ასეთი კარტოფილის მოყვანის წესია.

„ჯერ ვბარავ ნაკვეთს, შემდეგ ვაკეთებ კვალს, ყოველ 20 სანტიმეტრში ვათავსებ კარტოფილს პირდაპირ მიწაზე, მას თან ვურთავ ნაცარს, შემდეგ ვიღებ ბალახს და 60-70 სანტიმეტრზე ვადებ როგორც სიგრძეზე, ასევე, სიგანეზე. შემდეგ, მას არც გათხონა უნდა, არც მიწის შემოყრა, საერთოდ არაფერი, არც ბალახი ამოდის, მოსავლის აღების დროს არც ბარი მინდა და არც თოხი, მივალ, გავშლი ბალახს და როგორც „კრუხის“ ბუდეში არის კვერცხები ჩალაგებული, ასევე კარტოფილიც, ავაგროვებ და წამოვიღებ. დათესავ და მოდიხარ მხოლოდ მოსავლის აღებაზე, არც მორწყვა უნდა.  კარტოფილის მოსავალი მაქვს იმდენი, რამდენიც ჩემს ოჯახს ყოფნის. უნიკალური მეთოდია, მგონი ბელარუსში გამოიყენებენ, თივაც არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ გვიმრაც გამოიყენოთ ამ მეთოდით კარტოფილის მოსაყვანად. მზად ვარ ნებისმიერ მსურველს გავუზიარო ეს გამოცდილება. დაზოგავენ ენერგიას, თანხას, მოსავალი კი უფრო მეტი იქნება. ყველა ეს პროდუქცია არის ნატურალური, მე სოფლის მეურნეობის პროდუქტს ბაზარში არ ვყიდულობ“. აქ ბატონი ბესო გვანახებს ვაშლისა და მსხალის ხეებს, რომელიც წრეზე იზრდება, ისევე როგორც მაგალითად ცერცვი, მიყვება გარკვეულ სპეციალურ წნულს, როგორც მაგალითად ვენახი ან ლობიო და მსხმოიარობითაც გამოირჩევა.

აქვე ვნახულობთ ამერიკულ ფხალს „ქეილი“ რომელიც უნიკალურია ჯანმრთელობისათვის, სასათბურე მეორნეობას და ხის კონსტრუქციას, უფრო სწორად, გადაჭრილი ხეების, ჯირკვების კონსტრუქციას, რომელიც მიერთებულია სარწყავ სისტემაზე და როგორც მასპინძელი გვეუბნება და გვისხნის, ეს სოკოს მოყვანისთვის გამოიყენება. კონსტრუქციას, რომელიც სულ რაღაც 5 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს იკავებს, დიდი რაოდენობით სოკოს წარმოება შეუძლია.

„მე რომ დავწვები ღამით, გეგმებს ვაწყობ უკვე დილიდან რა საქმე გავაკეთო, ცოტაოდენი შრომა და ნებისმიერ ჩვენთან, გურიაში, მცხოვრებ ოჯახს შეუძლია შექმნას დიდი ან პატარა მეურნეობები, იმისათვის, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს და შემოსავლების პრობლემა არ ჰქონდეს. არ მინდა სხვანაირად გამიგოთ, მაგრამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან მირეკავენ რჩევისათვის, ნებისმიერ დროს მზად ვარ ჩემი გამოცდილების გაზიარებისათვის. სამწუხაროდ,  ჩვენთან შრომისადმი პატივისცემა და მიდრეკილება გაქრა, აი მაგალითად წაბლი, ნაკლებ შრომას მოითხოვს, შემოსავლიანია, „საადრიო“ მანდარინი, უამრავი რამ, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ფინანსური თვალსაზრისით“.

მასპინძლის დაჟინებული თხოვნით შევდივართ ოჯახის მარანში და პირველი ვაგემოვნებთ აღმოსავლურ „თავკვერს“.

„სოფლის მოსახლეობას, თუ კადნიერებაში არ ჩამითვლით მინდა ვურჩიო:  ჩემო საყვარელო გურულო გლეხებო,  მიხედეთ თქვენს საკარმიდამოს და საკარმიდამო მოგხედავთ თქვენ“.

ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს მე და ბატონი ბესო, რომელსაც პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ბელგიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე, შემდეგ ჯანმრთელობას და მრავალი წლები საკუთარ საკარმიდამოში ფუსფუსს.

წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკა – „სოფლის ცხოვრება“ – დავიწყეთ

უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.

სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.

ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.

ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.

„გურიის მოამბე“ ‘ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“  – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.

“ალიონისა” და “გურიის მოამბეს” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის “ბახვი ჰესს” – ასევე ყველა იმ წარმატებულ ბიზნესმენს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლებენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share