გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი მუქარის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს.
დღეს უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, გზა აღარ გადაეკეტათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “შესაბამისი რეაგირებით” იმუქრებოდნენ.
უწყების შეფასებით, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა “საგრძნობლად შემცირდა” და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არის.
“აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.
სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით სხვადასხვა ადგილისკენ მიდიან.