წაიკითხე განცხადება, თუ გაქვს IQ – პროფესორების პასუხი მინისტრს

იუსტიციის მინისტრმა პროფესორებს, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ,  “არაკეთილსინდისიერები” უწოდა.

”პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რიგ შემთხვევებში, მათ შორის, საკუთარი შრომით მოპოვებულს, კატეგორიულად მიუღებელია.
სამწუხაროდ ამ შემთხვევაში კეთილსიდისიერებასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გამოხატვის ან შეკრების უფლების განხორციელებასთან”- დაწერა მინისტრმა. 

რატი ბრეგაძის პოსტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები პოსტის კომენტარშივე გამოეხმაურნენ.

”არ ვიფიცებით, წაიკითხე განცხადება, თუ გაქვს აიქიუ კი უნდა მიხვდე, რა წერია – ჩვენ ვტოვებთ აუდიტორიებს, ვიდრეჩვენი სტუდენტები გარეთ დგანან და გაცდენილ საათებს ავუნაზღაურებთ. ეს წერია. ისიც კი არ იცი ამხელა მინისტრმა კაცმა, რომ გაფიცვას მთელი პრიცედურა ჭირდება”- დაწერა ერთ-ერთმა პროფესორმა. 

”ეგ რომ იცოდეს, ამ მთავრობაში მინისტრი კი არ იქნებოდა”- წერს კიდევ ერთი პირი ბრეგაძის საპასუხოდ. 

”ჩვენ ნამდვილად წავიკითხეთ თქვენი რუსული კანონი. თქვენ კი არ წაგიკითხავთ ჩვენი წერილი, სადაც არაფერია ნათქვამი გაფიცვაზე. წერილით სოლიდარობას ვუცხადებთ თქვენგან დევნილ, დაჩაგრულ, ნაცემ და შეურაცხყოფილ სტუდენტებსა და ლექტორებს, რომლებიც ევროპული საგარეო კურსის ცვლილებასა და რეინკარნირებულ საბჭოთა კავშირში საქართველოს შეთრევის მცდელობას აპროტესტებენ”- დაწერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ნინო ლაპიაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს.

“ვუერთდებით სტუდენტების სულისკვეთებას. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული კანონის განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი”- წერია ოფიციალურ მიმართვაში. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გმობენ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.
აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველჰყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს”- დაწერეს 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share