გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ამ განცხადებაში შოთაძე თავის გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნის.
“ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით”, – წერია 23 მაისის დილას პროკურატურის მიერ შოთაძის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამავე განცხადებაში უკვე ყოფილი პროკურორი აფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და მიღწევად მიიჩნევს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას და ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიებებში ეფექტურ მონაწილეობას საქართველოს მხრიდან.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს ორჯერ იკავებდა.
პირველად ის გენერალური პროკურორი 2015 წელს გახდა, 2018 წლის 31 მაისს კი გადადგა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.
შოთაძის გადადგომიდან მის ხელახლა დანიშვნამდე, 2018-2020 წლებში, გენერალური პროკურორის პოსტი ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ დაიკავა. 2020 წელს ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.
შოთაძე მეორედ გენერალური პროკურორის პოსტზე 2020 წლის 18 თებერვალს აირჩია პარლამენტმა, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ.