წერილი 24 მაისითაა დათარიღებული. ის დღეს ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილეტე-ნილსენმა გამოაქვეყნა.
ევროპელი სპიკერები საუბრობენ საქართველოს პროგრესზე წლების განმავლობაში, თუმცა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ისინი აცხადებენ, რომ კანონის შინაარსი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
“საქართველოს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შეშფოთების საგანია, რადგან თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთა მიმართაც თქვენ უნდა ყოფილიყავით ერთგულნი და გეხელმძღვანელათ და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის სულისკვეთება და შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან.
არსებული კანონი ცდილობს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე.
ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონი და ჩაერთოთ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან.
ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს შეკრების თავისუფლებაზე და შეწყვიტოთ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და მათი დაშინება.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არის საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანი, როგორც ეს იყო ჩვენთვის, ვინც ევროკავშირს 20 წლის წინ შეუერთდა. ეს გზა არც გარანტირებული იყო და არც მარტივი.
ეს შესაძლებელი გახადა მეგობრების ურყევმა ერთგულებამ და მხარდაჭერამ.
20 წლის შემდეგ საქართველოც იმავე გზაზე დგას. ჩვენი სახით მეგობრები გყავთ. ჩვენ ნამდვილად იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ იყოყმანებს მის ერთგულებაში გამოიყენოს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა, რომელიც ქართველ ხალხს მოუტანს მშვიდობას, კეთილდღეობას, მაგრამ აგრეთვე თავისუფლებას და ღირებულებებს.
ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და ერთგულები ვართ ჩვენს მხარდაჭერაში”- ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ:
- ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი
- ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა ადამოვა
- ესტონეთის რესპუბლიკის რიიგიკოგუს [პარლამენტი] თავმჯდომარე ლაური ჰუსსარი
- საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი იაელ ბრაუნ-პივეტი
- ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი დაიგა მიერინა
- ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილეტე-ნილსენი
- ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე მარტინ ბოსმა
- პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი მალგოჟატა კიდავა-ბლონსკა
- პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი სიმონ ჰოლოვნია