საუბარი, თითქოს სააკაშვილის ფაქტორი გახდა შემაკავებელი მთლიანად რეზოლუციისთვის, არის ძალიან დიდი ტყუილი, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის წერილობით მიმართვას.
ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებმა რეზოლუციას მხარი მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირეს, რომ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება მათთვის მიუღებელი იყო.
„ეს მორიგი ყალბი არგუმენტია, რომელსაც ტრადიცია ჩაუყარა „ქართულმა ოცნებამ“ – ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში საპირისპირო პოზიციის დაფიქსირებისას, „ოცნება“ ეძებს მიზეზს თუ როგორ გაიმართლოს თავი. სინამდვილეში მათ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას ერთადერთი ძალიან მძიმე მიზეზის გამო – რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება იყო მიუღებელი „ქართული ოცნებისთვის“ და მოიყვანეს სისრულეში თავიანთი განზრახვა. მათ თავისუფლად შეეძლოთ რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირათ და მხოლოდ შესწორებისთვის არ გამოეთქვათ მხარდაჭერა, პროცედურა ამის შესაძლებლობას იძლეოდა, რაც არ გამოიყენეს. საუბარი იმაზე, თითქოს სააკაშვილის ფაქტორი გახდა შემაკავებელი მთლიანად რეზოლუციისთვის არის ძალიან დიდი ტყუილი.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ცალსახად ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, აღიარებული დემოკრატიული სამყაროს მიერ. ამით ყველაფერი ნათქვამია. რას საუბრობს „ქართული ოცნება“ აზრს მოკლებულია, ცდილობენ საკუთარი შემორჩენილი ამომრჩევლების გამხნევებას და მხოლოდ ამას ემსახურება ასეთი უტიფარი განცხადებები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.