“სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ განსხვავებებს იმ შეხვედრებს შორის, რაც ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მქონდა. ვხედავ, რომ არსებობს ექიმების მხრიდან ყურადღება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, – ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
“ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, არამედ, ბევრს, ვინც ცდილობს მიხეილთან შეხვედრას, არ უშვებენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა და ძალიან განვიცდი,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგეს და საუბრის საშუალება მიეცეს.
“მას ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგომა, რომ მიეცეს საუბრის, ადამიანების ნახვის საშუალება, მას ძალიან სურს ეს კონტაქტები და იმედი მაქვს, ასეც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მისი უფლებების დარღვევა,“- აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, უახლოესი ერთი საათის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის შემდგომი ნაბიჯების შესახებ „ფეისბუქში“ განცხადების გაკეთებას გეგმავს.