“ჩემი ადგილი ამ ბრძოლაშია, რომელიც გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება” – სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მიქაძე

მე ვარ თამარ მიქაძე, 27 წლის, გურიიდან.
სულ ხაზს ვუსვამ ჩემს გურულობას, მგონია, რომ, გარკვეულწილად, ჩემი ხასიათის განმსაზღვრელი არის გურია და აქაური ურთიერთობები, ბახმარო… თუნდაც ეს ქალაქი – ოზურგეთი, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, განსაკუთრებული მნიშვნელობის აქ არაფერი ხდება, თუმცა რაღაცნაირ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სახლში ყოფნას ოზურგეთში, განსაკუთრებით კი ბახმაროში ვგრძნობ. აქ ვარ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, ისეთი ტიპი, როგორი ჩემი თავიც ყველაზე მეტად მიყვარს.
ვფიქრობ, ძალიან სამართლიანი ვარ და აქტივიზმშიც ამან მომიყვანა. სანამ პატრიოტიზმზე ვისაუბრებ, მგონია, რომ ჩემი აქტივიზმი ბევრად უფრო მარტივი, ადამიანური ფაქტორებით არის განპირობებული – ჩემთვის წარმოუდგენელია, ხედავდე, როგორ ჩაგრავენ ვიღაცას და მას არ დაეხმარო; წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ისე იყოს მოწყობილი ადამიანის გონება, გული და სული, რომ მას სხვა ადამიანის მიმართ ემპათია არ ჰქონდეს.
ადამიანები და ყველა სულიერი მიყვარს, ჩემში სიყვარული ბევრად მეტია. სიძულვილი საერთოდ არ არის, თუ ბოლოდროინდელ ამბებს არ ჩავთვლით. ხანდახან მეშინია ხოლმე, ეს ყველაფერი რომ გადაივლის, ნამდვილად ხომ დავუბრუნდები საკუთარ თავს.
▪️ სანამ გვაქვს დრო
მშობლებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩემზე. თავისუფლებაც, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი მშობლებისგან მაქვს. ღრმა ბავშვობა კარგად არ მახსოვს, თუმცა ემოციურ დონეზე ვიცი, რომ ეს თავისუფლება ყოველთვის მქონდა მათგან – სულ შემეძლო გამომეხატა საკუთარი თავი და ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. ვუყურებდი, დედაჩემი და მამაჩემი როგორ ეხმარებოდნენ ადამიანებს უპირობოდ და არასდროს მომისმენია მათგან ვინმეს განსჯა რაღაც ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების გამო. ამან მასწავლა, რომ ადამიანი უნდა მივიღო ისეთი, როგორიც არის – თავისი შეცდომებითაც.
ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი იყო პირველი დამოუკიდებელი ცხოვრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, რამაც ჩემი თავისუფლების ხარისხი სულ სხვა ,,ლეველზე’’ აიყვანა. წავედი და დავინახე, რომ იქ ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირია, ქუჩაში გავდიოდი და დაკვირვების ობიექტი არ ვიყავი, მარტო ვცხოვრობდი და მხოლოდ მე ვიყავი საკუთარ თავზე პასუხისმგებელი. შევხვდი სხვადასხვა ტიპის ადამიანს, მომიწია მათთან ერთად ცხოვრება და გავხდი კიდევ უფრო მიმღებელი.
კიდევ ერთი ამბავი, რომელმაც ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა, შოვის ტრაგედია იყო. მაშინ ესპანეთში ვცხოვრობდი და ეს ერთ-ერთი ყველაზე სტრესული მომენტი იყო: მქონდა უსუსურობის განცდა, რომ იქიდან ვერაფერს ვაკეთებდი, დიდხანს ვიწექი ლოგინში და საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი – თუ ერთ წამში, აბსოლუტურად წარმოუდგენელ მომენტში შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ რამეს? რას ვაკეთებთ? ამას ვფიქრობდი და პარალელურად ვხედავდი, ამ ადამიანების დაკარგვით გამოწვეული როგორი საყოველთაო სიყვარული და მწუხარება ტრიალებდა გარშემო. და ამან მიმახვედრა, რომ სანამ ხარ, რა დროც გაქვს მოცემული, ეგ დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო იმისთვის, რაც შეიძლება მეტი კარგი თესო. მეტწილად ამან განსაზღვრა ჩემი შემდგომი ცხოვრებაც – დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო და დღეს უნდა ვაკეთო კარგი.
▪️ სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის’’
სტუდენტი ვიყავი, როცა ,,ბასიანის’’ ამბები მოხდა, ეს იყო ჩემი პირველი პროტესტი. ახლა რომ მკითხოთ, მაშინ რა ემოციით წავედი და როგორ დავინახე ჩემი მნიშვნელობა ამ პროცესში, ალბათ, ვერ გეტყვით, მაგრამ იმ მომენტისთვის ვიცოდი, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. თუმცა ჩემი, როგორც აქტივისტის დაბადება იყო რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, როცა ალტ-ინფო გააქტიურდა რეგიონებში და ჩვენც, როგორც კი ეს ამბავი გავიგეთ, ყველანაირი ფიქრის გარეშე გამოვედით ქუჩაში და დავიწყეთ პროტესტი.
ამის შემდეგ ერთი დღეც არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში აქტივიზმის და იმ პრობლემებზე ფიქრის გარეშე, რაც ჩვენ გარშემოა.
ჩვენ, საზოგადოებას, გვახასიათებს, რომ ყოველთვის გვინდა, რაღაცები სხვისი ხელით გაკეთდეს, მაშინ მე ვერ დავუშვი, რომ სხვას გაეკეთებინა ჩემი გასაკეთებელი და ასე, ჩემთვის უჩვეულოდ, რუპორით ხელში აღმოვჩნდი შემაღლებულ ადგილას და, შფოთვით სავსე, სიტყვით გამოვედი ხალხის წინაშე. მანდ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ზუსტად აქ არის, აქტივიზმში, და ამ ბრძოლაში, რომელიც გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას ემსახურება.
როცა ეს ამბები დაიწყო და ქუჩაში გამოვედით, დავინახე, რომ ჩემ გარდა სხვა ადამიანებსაც ჰქონდათ იგივე წუხილი, იგივე მოტივაცია და საბრძოლო შემართება. მანამდე არც მიფიქრია, რომ ოზურგეთში ამდენი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო გულანთებული და თავგანწირვისთვის მზად. თავგანწირვას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ახლაც ყოველდღიურად თავგანწირვის რეჟიმში ვართ. მე ამ ხალხს მანამდე არ ვიცნობდი, მაგრამ ისე ბუნებრივად მოხდა ჩვენი შეკავშირება და სამოქალაქო მოძრაობად, რომელსაც ,,თავისუფლებისთვის’’ დავარქვით, გადაქცევა, რომ სულ მქონდა იმის განცდა – ამ ადამიანებთან რაღაც მაკავშირებდა, საერთო წარსულიც გვქონდა, დღესაც ერთად უნდა ვყოფილიყავით და მომავალშიც რაღაცები უნდა შეგვეცვალა.
შემდეგ ამან მომცა მოტივაცია, რომ აქ დავრჩენილიყავი – გადავწყვიტე, რომ ოზურგეთში უნდა მეცხოვრა და ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საქმე გაგვეკეთებინა. ჩვენ გარდა დღეს სხვა აქტივისტური ჯგუფი გურიაში არაა და მე წარმოდგენაც მიჭირს, რა შეიძლება ყოფილიყო, ან რა მოცემულობა შეიძლება დადგეს, თუ ჩვენც არ ვიქნებით. კი, ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში, საჭიროების შემთხვევაში გარეთაც გამოდიან, თუმცა ჩვენ რომ ხმა არ ამოგვეღო და გურიაში აქტივიზმი არ გაგვეცოცხლებინა, ბევრად მძიმე შედეგები შეიძლება გვქონოდა, ვიდრე გვაქვს.
▪️ მდუმარე მეგობრები
სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ ეკო აქტივისტი ვიქნებოდი, რომელიც ფუტკრების ბედზე იდარდებდა ან ხეების მოჭრაზე და ბევრად მშვიდი ცხოვრება მექნებოდა. თუმცა, იყო აქტივისტი ამ გარემოში და განსაკუთრებით, იყო აქტივისტი ასეთ პატარა ქალაქში, სადაც აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა – სხვა გაგება ზოგადად აქტივიზმის და წინააღმდეგობის, ურთიერთობების და ერთმანეთის წინაშე ვალდებულებების – ეს ბევრად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, და ყოველდღიურად რეგიონში აქტივისტებს გვაქვს ბევრი ისეთი გამოწვევა, რომელიც შეიძლება დიდ ქალაქში მცხოვრებ აქტივისტს არ ჰქონდეს. საქმის თვალსაზრისითაც რომ ვთქვათ, ჩვენ რომ აქ რაღაცას ვაკეთებთ და აქტივობას ვგეგმავთ, ნაკლები შანსია, ამან დიდ სივრცეში გააღწიოს და ინფორმაცია გავრცელდეს.
მეგობრობა, ნათესაობა, ახლობლობა, მეზობლობა – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც წინააღმდეგობაშიც უშლის ხალხს ხელს და იმაშიც, რომ მხარი დაგვიჭირონ. მე ემოციურად საკუთარ თავში გადავლახე ეს და რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად მეხება, რას ამბობენ ჩემზე და როგორ შეაფასებენ ჩემს მოქმედებას, რას ეტყვიან დედაჩემს, რომლის უდიდესი მხარდაჭერაც მაქვს, მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო, როცა ქუჩაში გადიხარ, ყველას იცნობ და იცი, რომ ვიღაცები ცუდად არიან განწყობილი შენ მიმართ; შეიძლება სუფრაზე გადაიკვეთო ისეთ ადამიანთან, რომელიც შენგან სრულიად საწინააღმდეგო მხარესაა და ხელს მოაწერს იმაზე, რომ დაგიჭირონ, გცემონ და გაწამონ; არ გაქვს იმედი, რომ ხმამაღლა ვინმე გვერდში დაგიდგება – შეიძლება გითხრან, რომ შენთან არიან, იციან, რომ სწორად იქცევი და ამისთვის მადლობაც გადაგიხადონ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს და მხარდაჭერა დამჭირდეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ხმას ამოიღებენ.
ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა საკუთარი თავი, ცხოვრება და ყოველდღიურობა დაგვაკარგინა. ჩვენ, ვინც ამ პროტესტში აქტიურად ვართ ჩართული, ჩვენი სურვილები, ჩვენი რუტინა, ჩვენი საქმე გვერდზე გადავდეთ და ვცხოვრობთ საერთო პრობლემით, საერთო ტრაგედიით, საერთო სიხარულითაც, თუკი ამის საშუალება გვეძლევა. ამის პარალელურად, ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა გაკავშირებდა, ვისაც აფასებ, ვისთვისაც მართლა ყველაფერს გაიღებდი, მხარდაჭერას ვერ ხედავ. მათ იციან, რა რისკის წინაშე ვდგავარ; იციან, რომ შეიძლება რუსთაველზე ვიყო და ვიღაც მირტყამდეს, მწამლავდეს, მიჭერდნენ; იციან, რომ სამსახური დავკარგე, მაგრამ ერთხელაც არ გასჩენიათ სურვილი, ამ მოვლენებთან დაკავშირებით კითხვა დაესვათ. როცა ხედავ, შენი საყვარელი ადამიანები ამ პროცესში როგორ გეცლებიან და კიდევ აქეთ გამუნათებენ, რომ დამნაშავე ხარ, პოლიტიკური შეხედულებების გამო ვინმეს ცუდად თუ მოექეცი ან ვინმესგან დისტანცირდი, ეს, ერთი მხრივ, ძალიან გულსატკენია და, მეორე მხრივ, ძალიან გასაბრაზებელი იმიტომ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ ვიდგე ჩემი მეგობრის გვერდით, რომელიც ამხელა ჩაგვრის და უსამართლობის წინაშე დგას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დამთრგუნველია და შეიძლება ჩემს ყოველდღიურობაზე და აქტიურობაზე გავლენა იქონიოს, იმის მოტივაციასაც მაძლევს, რომ უფრო მეტად თვალსაჩინო გავხადო ეს ბრძოლა, მათ შორის, მათთვისაც. მინდა, რომ ჩვენი გამარჯვებით მოპოვებული კეთილდღეობა მათაც გამოსაცდონ საკუთარ თავზე.
▪️ მდუმარე საზოგადოება
მგონი ამაშიც არ ვარ მარტო და ყველა აქტივისტს აქვს საკუთარ თავთან ბრძოლის, დაცემისა და წამოდგომის ეპიზოდები. არის მომენტები, როცა ძალიან მოტივირებული ხარ და პირიქით – სრულიად უიმედო. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მიფიქრია, რომ ამ ბრძოლას შევწყვეტდი. ბევრი იმედგაცრუება გამოვიარეთ, მაგრამ რომ მახსენდება ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად არიან ამ ბრძოლაში გაცილებთ რთული მოცემულობებითაც, როდესაც ვიხსენებ სინდისის პატიმრებს, რომლებიც მართლა ოთხ კედელში გამოკეტა რეჟიმმა, მათ მშობლებს, შვილებს, მეგობრებს – მორალურად უფლებას არ ვუტოვებ საკუთარ თავს იმის თქმის, რომ ვეღარ გავაგრძელებ. თუ ეს ხალხი ფეხზე დგას და აგრძელებს, მეც შემიძლია გავაგრძელო.
ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ ვიღაცები აბსოლუტურად უემოციოები არიან ამ პროცესების მიმართ – ეს არის ყველაზე იმედგამაცრუებელი ჩემთვის. აქ უკვე აღარ დგას საკითხი ისე, რომ ვიღაც მემარჯვენეა და ვიღაცას მემარცხენეები მოსწონს, რომელი პარტია და ვისი დაპირება გირჩევნია. აქ საბაზისო, ადამიანურ თვისებებზეა საუბარი – მთელი ეს დრო ადამიანების წამებას ვუყურებთ და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არსებობდეს სხვა ადამიანი, მეტიც, კარგი ადამიანი ერქვას და ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს; დედა იყოს, უყვარდეს საკუთარი შვილი და არ ადარდებდეს, როგორ კლავენ ცემით სხვის შვილებს. ამ ხალხს, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს, რა ხდება, თავიანთ ნაჭუჭში არიან და თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, მინდა ვთხოვო, რომ ყველანაირი პოლიტიკური შეხედულებების, პარტიულობის, ყველანაირი ამ წიაღსვლების გარეშე დაფიქრდნენ. ძალიან გთხოვთ, აიღეთ, ერთი ნებისმიერი საქმე, ვიდეო ჩართეთ და უყურეთ, როგორ უსწორდებიან ახალგაზრდა ბიჭს და წარმოიდგინეთ, რომ ეს ემართება თქვენს შვილს, თქვენს უახლოეს მეგობარს, თქვენს საყვარელ ადამიანს. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ხალხი, ვისაც ამაზე რეაქცია არ ექნება. ძალიან გთხოვთ, საკუთარი თავი დააყენათ იმ გამწარებული მშობლების, გამწარებული ცოლების, შვილების ადგილას. ხომ გიყვართ შვილები, დედები?! დააყენეთ საკუთარი თავი, მაგალითად, გიორგი ახობაძის ადგილას, რომელმაც დედა ვერ ნახა სიკვდილის წინ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე უნდოდა.
ეს ძალიან მარტივია. ამას არც წიგნის წაკითხვა სჭირდება და არც განათლება.
▪️ ბედნიერება საკუთარ ქვეყანაში
ადამიანები ვართ, ყველა ჩვენგანში არის საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი თავისთვის კეთილდღეობის შექმნის სურვილი. წარმოუდგენელია, მაგრამ თუ ამ ბრძოლას წავაგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ჩემთვის ადგილი აღარ იქნება – იმ ღირებულებების მქონე საზოგადოებასთან, რომელიც ამ მოცემულობას მიიღებს, რომელიც თანახმაა, რომ ხელები ასწიოს და რუსეთს ჩაბარდეს, მე საერთო არაფერი მაქვს. მე ვერ ვიცხოვრებ ისეთ გარემოში, სადაც ლაპარაკი აკრძალული მაქვს და ჩაგვრა ჩვეულებრივი ამბავია. ამ მოცემულობაში საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია და მომიწევს, რომ ქვეყანა დავტოვო.
მთელი ცხოვრება რაც მიკეთებია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში მუშაობას და სხვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სამუშაოს უკავშირდება. თუ ამის საშუალება არ მომეცემა და ჩემს რესურსს ვერ გამოვიყენებ, აქ ჩემთვის ადგილი არ იქნება. ზოგადად, იმ ხალხისთვის, ვინც იბრძვის, აქ ადგილი აღარ იქნება. რეალურად, რუსული რეჟიმის მიზანიც ეგ არის, რომ ეს ქვეყანა მებრძოლი, სწორი და მართალი ღირებულებების ადამიანებისგან დაცალოს და მხოლოდ ის დარჩეს, ვინც შეკითხვასაც არ დასვამს მათი მისამართით.
ვიღაცები ამბობენ, რომ ფულის გამო ვართ გარეთ, სეირნობა მოგვწონს… მერწმუნეთ, არავის სიამოვნებს, საკუთარი ცხოვრება რომ აღარ გვაქვს. მე გულწრფელად მინდა, რომ ეს ჩემი ცხოვრება დავიბრუნო – მინდა, დილით რომ გავიღვიძებ, არ ვფიქრობდე გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე, იმაზე, ხომ არ დამიჭერენ, არ მინდა, დედაჩემს ეშინოდეს, რომ დარბევა იწყება. არ მინდა, ჩემს საყვარელ ადამიანებს ამ მოცემულობაში ცხოვრება უწევდეთ.
შეიძლება ვერ ვიაზრებდეთ, რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემო სტრესორები ჩვენზე, თუმცა ამას განსაკუთრებულად ვგრძნობ, როდესაც ქვეყნის გარეთ გავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ ის დარდები და პრობლემები, რაც აქაურობასთან მაკავშირებს, მიმყვება, იქ გარემო იმდენად სხვანაირია, იმდენად მარტივია და თავისუფალი, რომ ჩემი განწყობა ერთ წამში იცვლება. მინდა, ეს შეგრძნებები ჩემს ქვეყანაშიც მქონდეს.
ოთხი წლის წინ, როცა აქტივიზმი დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც დიდ სურათში ამას ვხედავდი, რისთვისაც დღეს ვიბრძვით, მიზანი მაინც ბევრად ხელშესახები იყო – ალტ-ინფოს ოფისი არ უნდა გავახსნევინოთ. დღეს საერთოდ ყოფნა-არყოფნის საკითხი გვიდგას. იმდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით და ისეთ ჯოჯოხეთში გვაცხოვრებენ ყოველდღიურად, ძალიან რთულია, ერთ რამეზე ფოკუსირდე. თუ ვინმე მკითხავს, დღეს რა არის ჩემი მთავარი მოტივაცია ამ ბრძოლაში, ვუპასუხებ, რომ მინდა, ჩემს ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრება შემეძლოს, საკუთარი ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო აქ და ახლა და ბედნიერების საშუალება მქონდეს ჩემს ქალაქში, ჩემს სოფელში.
ტექსტი მომზადებულია სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” მიერ, პროექტის ,,იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights