ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყვებს და წერს:
“შემოვდივარ ხოლმე ფბ-ში და გავდივარ დაზაფრული და გულმოწამლული. უამრავჯერ დავიწყე რაღაცის წერა, მაგრამ რა დავწერო? თქვენ, ჩემო მეგობრებო, ყველაფერი ჩემზე უკეთესად იცით. ბოღმა ვანთხიო? ამით ვის რას ვარგებ? ეს მხოლოდ ჭრილობაზე მარილის დაყრა იქნება.
როგორ გვძულს ერთმანეთი! როდის და როგორ მოხდა ეს? ვერ დავიჯერებ, რომ ყოველთვის ასე იყო. რა ადვილად მოგვწამლა და დაგვაჩლუნგა რუსეთის პროპაგანდამ! ვამბობ რუსეთის, რადგან ივანაშვილი და მისი ბანდა რუსეთის შექმნილი უბედურებაა, რომელიც ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს შხამით და ბოროტებით ავსებს ჩვენს ყოფას.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს წარმოუდგენელი სიძულვილი, სიხარბე, გაუმაძღრობა საბჭოთა მენტალობის შედეგია, ჯაჭვური რეაქციით თაობიდან თაობაში გადადის და თითქმის შეუძლებელია მისი ამოფხეკა ჩვენი ხასიათიდან. როგორ შეიძლება, რომ ადამიანს ჰქონდეს განათლება, ჰქონდეს საშუალება გაეცნოს მსოფლიო ფასეულობებს საქართველოს გარეთაც და დარჩეს წულუკიანად?! ეს სიძულვილით სავსე შხამიანი გველი საბჭოეთის ქმნილებაა, თუ ჯალათი მამის, რომელსაც იმდენი სასიკვდილო განაჩენის აქვს გამოტანილი, როგორც მგონი არავის საქართველოში?
მეც ხომ საბჭოთა რეალობამ ჩამომაყალიბა. ჩემი მეგობრებიც, ზოგი ჩემი ხნის, ზოგი ჩემზე ბევრით უმცროსი საბჭოეთში გაიზარდნენ, ან ორი-სამი ათეული წელი მაინც გაატარეს საბჭოეთში. მათ ხომ შეინარჩუნეს ადამიანური ღირსება და სინდისი. მაშ რატომ არის ამდენი ბოროტი, ამდენი ბრიყვი, ამდენი ხარბი და გაუმაძღარი, ამდენი მოღალატე ჩემს სამშობლოში?!
რომ იცოდეთ, როგორ მტკივა გული, როგორ ჩამიმწარდა სიბერე!
მაპატიეთ ეს სევდიანი წერილი, მაგრამ რომ არ დამეწერა, დარდი სულ გამანადგურებდა.”- წერს კიზირია.